ფოთის შესასვლელ-გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები განთავსდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე
მოწერელიამ, ფოთში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე
კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებსა და
გამკაცრებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა.
,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - ეს
არის ერთადერთი განსხვავება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე
მოქმედი შეზღუდვებიდან რაც სხვა რეგიონებთან შედარებით გვაქვს.
გვექნება საპოლიციო ბლოკ-პოსტები ქალაქების შესასვლელებში, რაც
ნიშნავს, გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც მკაცრად
გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების
კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ
ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები - მძღოლი და 2 პირი,
რომლებიც უკან უნდა ისხდნენ, ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის
კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი, ეს არის
ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული
შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება“ - აღნიშნა სახელმწიფო
რწმუნებულმა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო
მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა.
ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში გართულებული ეპიდემიოლოგიური
ვითარების შედეგად.