დავითი, ბექა, ლაშა - მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ბაკურიანელი სპორტსმენი იასპარეზებს
დღეს, ბაკურიანში, ფრისტაილის,
სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყო.
საქართველო ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატს პირველად
მასპინძლობს.
„ბაკურიანი
2023“-ში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, აქედან
საქართველოს სახელით ასპარეზობს ექვსი სპორტსმენი. ხოლო, ექვსი
სპორტსმენიდან სამი მათგანი ბაკურიანელია. დავით თედიაშვილი, ბექა
ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე სკი კროსში გამოსცდიან საკუთარ
შესაძლებლობებს.
დავით თედიაშვილი თხილამურებზე სამი წლიდან დგას. არის ყოფილი სამთო
მოთხილამურე, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, სკი კროსის
დამფუძნებელი საქართველოში. პირველად, საერთაშორისო ტურნირზე 2015
წელს, ესპანეთში გავიდა. მას შემდეგ შემოიარა სხვა ევროპული ქვეყნები
და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა არაერთხელ ასახელა
მშობლიური ქვეყანა. კორონავირუსის პანდემიამ მისი სპორტული კარიერა
დროებით შეაჩერა, შემდეგ კი ისევ გააგრძელა სპორტული ცხოვრება.
„პირველად, საერთაშორისო ტურნირზე 2015 წელს მსოფლიო
უნივერსიადაზე ვიასპარეზე ესპანეთში. ამის შემდეგ იყო ჩეხეთი 2016
წელს და 2-ჯერ მეორე ადგილი ფისზე, კურორტი რეჯისე. 2017 წელს
ყაზახეთში მსოფლიო უნივერსიადაზე მე-7 ადგილი დავიკავე. შემდეგ,
პირველი ადგილი ჩეხეთისა და სლოვაკეთის პირველობაზე. ასევე, 2017 წელს
ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზე. 2018 წელს ტრავმამ ერთი
წელი გამომატოვებინა, შემდეგ პანდემია დაიწყო და მთელი ეს პერიოდი
პასიურად ვიყავი. 2021 წლიდან კი განვაახლე სპორტული კარიერა.
ძირითადად, პირველი და მეორე ადგილები დავიკავე ჩეხეთში, შვეიცარიაში,
ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში“ -
ამბობს დავით თედიაშვილი.
დავით თედიაშვილი
30 წლის ბაკურიანელი დავით
თედიაშვილი ახლა მშობლიურ კურორტზე იასპარეზებს მსოფლიო
ჩემპიონატზე.
„მოლოდინები ძალიან კარგი მაქვს. ვცდილობ მაქსიმალურად
კარგი შედეგი ვაჩვენო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ტარდება ასეთი
მასშტაბური ჩემპიონატი“ - დავით თედიაშვილი.
დავით
თედიაშვილი
კიდევ ერთი ადგილობრივი სპორტსმენი, რომელიც
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს 22 წლის ბექა
ბერძენიშვილია. ბექა თხილამურებზე 6 წლიდან დგას. 18 წლიდან კი სკი
კროსით დაინტერესდა და ამ ასაკიდანვე გახდა ნაკრების წევრი. აქამდე
ძირითადად საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობდა. ყველაზე
განსაკუთრებულად იხსენებს 2021-2022 წლებში, ჩეხეთში და შვედეთში
გამართულ შეჯიბრებებს. სწორედ, შვედეთში მოიპოვა ლიცენზიაც. ბექა
ბერძენიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.
„მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება იმ დღიდანვე დავიწყე,
რა დროსაც ცნობილი გახდა მისი ჩატარების თარიღი. საქართველოში
ფიზიკურად ვემზადებოდით, უცხოეთში კი ნაკრებმა ერთად გავიარეთ
მომზადება“ - გვეუბნება ბექა ბარძენიშვილი.
ბექა ბერძენიშვილი
ამბობს, რომ ნერვიულობს, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩემპიონატი მის მშობლიურ
ბაკურიანში ტარდება, ეს მოტივაციას სძენს.
„ძალიან ვნერვიულობ და ვღელავ, თუმცა მოტივაციას ის
მმატებს, რომ ჩემს მშობლიურ ბაკურიანში ვიღებ მონაწილეობას. ყველაფერს
გავაკეთებ, რომ ჩემი შედეგის მაქსიმუმი დავდო“ - ბექა
ბერძენიშვილი.
ბექა
ბერძენიშვილი
დავითთან და ბექასთან
ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს 23 წლის ლაშა კურტანიძეც.
სამი წლის ასაკიდან თხილამურებზე პირველად დადგა და მას შემდეგ
სპორტითაა დაკავებული. 12 წლიდან საქართველოს სათხილამურო ნაკრებში
მოხვდა, ალპაინის სახეობაში. არის საქართველოს მრავალგზის აბსოლუტური
ჩემპიონი სპორტის ამ სახეობაში. 2021 წლიდან კი ლაშამ სპორტის სახეობა
შეიცვალა და სკი კროსის გუნდს შეუერთდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო
მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
„ჩეხეთში გავედი მეორე და მესამე ადგილზე, რითიც
გავიუმბჯობესე რეიტინგი და მოვიპოვე ლიცენზია გამოვსულიყავი
საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით,
რადგან როდესაც შენ ქვეყანაში იღებ მონაწილეობას ასეთი დონის შეჯიბრში
ძალიან სასიხრულოა“ - გვითხრა ლაშა კურტანიძემ.
ლაშა კურტანიძე
ლაშა
კურტანიძე იმედოვნებს, რომ შეჯიბრში წარმატებას მიაღწევს. ჩემპიონატს
დადებითი მოლოდინებით ხვდება.
„მოლოდინებს რაც შეეხება, მართალია, ძლიერ სპორტსმენებთან ბრძოლა
მომიწევს, მაგრამ შევეცდები ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და ვფიქრობ, კარგ
შედეგს მივაღწევ“ - ლაშა კურტანიძე.
ლაშა კურტანიძე
მსოფლიო
ჩემპიონატი ბაკურიანში, დღეიდან, 18 თებერვლიდან დაიწყო და 5 მარტს
დასრულდება. ყოველდღიურად გაიმართება შეჯიბრებები, დღის ბოლოს კი
გამარჯვებულების გამოვლენა და მათი დაჯილდოება. ვინ როგორ შედეგს
მოუტანს საქართველოს და ბაკურიანს, ეს ჩემპიონატის მიმდინარეობისას
გაირკვევა.
ცნობისთვის, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით,
მსოფლიო ჩემპიონატი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS)
ეგიდით იმართება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის
ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის
ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.
გააზიარეთ :