ბაკურიანში, ხელოვნური ტბების აშენებისთვის მთავრობამ 81.6 - მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა
2023 წელს საქართველოში სათხილამურო
და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს,
რისთვისაც მთავრობა ბაკურიანში მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას
აშენებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან
ირკვევა, რომ დიდველსა და მიტარბიზე ხელოვნურ ტბებს კომპანია "ანაგი"
ააშენებს, რისთვისაც კომპანიასთან 81.6 მილიონი ლარის ღირებულების
კონტრაქტი გამარტივებული წესით გაფორმდა.
პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო
კომპანია "ემ თი ეი", ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანია
ახორციელებს.
ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ხელოვნური ტბების მოწყობის გარდა,
"ანაგმა" სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც უნდა შეასრულოს, სრულად
ეს სამუშაოები ასე ნაწილდება:
დიდველი ტბის მოწყობის სამუშაოები -
36.5 მილიონი ლარი;
მიტარბი ტბის მოწყობის სამუშაოები - 13.5 მილიონი ლარი;
დიდველის კონსტრუქციები - 2.3 მილიონი ლარი;
მიტარბის კონსტრუქციები - 2.6 მილიონი ლარი;
MR500 კონსტრუქციები (დიდველი) - 5 მილიონი ლარი;
MR300 კონსტრუქციები (მიტარბი) - 2.3 მილიონი ლარი;
MR500 არქიტექტურა - 1 მილიონი ლარი;
დროებითი შენობა ნაგებობები - 2.9 მილიონი ლარი.
ბაკურიანში "ფრისტაილის" ჩემპიონატის ჩატარების იდეა წინა
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის; შესაბამისი
გადაწყვეტილება მთავრობამ 2017 წელს მიიღო, ხოლო საერთაშორისო
ფედერაციის თანხმობა და ღონისძიების გამართვის შეთანხმება ქვეყანამ
2019 წლის 24 აგვისტოს გააფორმა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო,
რომელმაც ამ ჩემპიონატის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ჩემპიონატი 2023
წლის მარტში გაიმართება.