ევროპა ჩვენში
როგორ შეიქმნა ევროკავშირი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები უდიდესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ და მშვიდობაც საკმაოდ მყიფე იყო. ნათელი გახდა, რომ ეკონომიკური განვითარება და მშვიდობის შენარჩუნება ევროპაში მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის გზით იქნებოდა შესაძლებელი.

გაერთიანებული ევროპის იდეა პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა გაახმოვანა 1946 წლის 19 სექტემბერს, შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც განაცხადა: „ჩვენ ხელახლა უნდა შევქმნათ ევროპული ოჯახი რეგიონული სტრუქტურით, რომელსაც შეიძლება დაერქვას ევროპის შეერთებული შტატები“, თუმცა ჩერჩილის ამ იდეას მაშინ კონკრეტული ქმედებები არ მოჰყოლია. უფრო მეტიც – ჩერჩილი არ გამოხატავდა ბრიტანეთის ოფიციალურ პოზიციას ევროგაერთიანების შესახებ, რადგან გაერთიანებული სამეფო თავს გლობალურ ძალად აღიქვამდა, რომლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თავის თანამეგობრობასთან (ყოფილ და არსებულ კოლონიებთან) ურთიერთობები იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთი ნეგატიურად იყო განწყობილი ევროგაერთიანების იდეისადმი.

ევროპული ინტეგრაციის ათვლის წერტილად 1950 წლის 9 მაისი მიიჩნევა, როდესაც ფრანგი პოლიტიკოსის ჟან მონეს ინიციატივა ამავე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა გაახმოვანა და დასავლეთ ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის ინდუსტრიების გაერთიანების წინადადებით გამოვიდა. ჟან მონეს ინიციატივის თანახმად, ისტორიულად დაუძინებელი მტრები – საფრანგეთი და გერმანია, სხვა ევროპულ ქვეყნებთან უნდა გაერთიანებულიყვნენ, რათა დამოუკიდებლად აღარ დაემუშავებინათ ქვანახშირი და ფოლადი. ვინაიდან ნებისმიერ ქვეყანას ომის საწარმოებლად ორი რამ სჭირდებოდა: ფოლადი, რომლისგანაც მზადდებოდა საბრძოლო მასალა და ქვანახშირი – ქარხნებისა და რკინიგზის ენერგიით მოსამარაგებლად.

1951 წელს, ექვსმა სახელმწიფომ: საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების“ შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რამაც ევროპულ ინტეგრაციას ჩაუყარა საფუძველი. აღნიშნული ორგანიზაციის პირველ პრეზიდენტი ჟან მონე გახდა.

დღეისათვის ევროკავშირი 27 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა. ის მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას თავისი 508 მილიონი მოქალაქისთვის.


წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.





ვიდეო მომზადებულია:
CSRDG საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.