„ჯერჯერობით სიკვდილიანობის მაჩვენებლის რადიკალური შემცირება არ იქნება“-ამირან გამყრელიძე
„ბოლო 2-3 კვირა ჩვენ ეპიდემიის
მაღალ ნიშნულზე ვიმყოფებით. ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა.
განსაკუთრებით რთულია ყველაზე უფრო
მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა, რომელიც ბოლო 7 დღის განმავლობაში
70-ს ქვემოთ არ ჩამოსულა. დღეს ამ მაჩვენებელმა უკვე 80-ს გადააჭარბა.
ამ მომენტისთვის მძიმედ მიმდინარე შემთხვევათა რიცხვი 1 600-ზე მეტია.
ეს პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იმყოფებიან. ამ
ეტაპზე ხელოვნურ ვენტილაციაზე 350-ზე მეტი ადამიანია. აქედან
გამომდინარე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით სიკვდილიანობის მაჩვენებლის
რადიკალური შემცირება არ იქნება.
ჯერჯერობით 7 000-მდე პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც
ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ეს ძალიან
დიდი დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე. ძალიან გადაღლილია
მედპერსონალი, თუმცა ჯერჯერობით 8000 საწოლამდე მობილიზებულია და
რესურსი არის. თუ დაახლოებით ამ ტემპით განვითარდა ეპიდსიტუაცია,
როდესაც ყოველდღიურად ჩვენ 4000-5000 ახალი შემთხვევა გვაქვს და
პერიოდულად შემთხვევათა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მაშინ შეიძლება დადგეს ახალი საველე
ჰოსპიტლების დამატების საკითხი.
აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთია და საზოგადოებამ ეს უნდა გაითავისოს.
ეპიდსიტუაციის გაუარესებას და განსაკუთრებით სიკვდილიანობას შეაჩერებს
მხოლოდ ერთი რამ - ეს არის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია. ამ
ეტაპზე ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის საკმარისი. ჩვენ სულ მცირე
ყოველდღიურად 15 000- 20 000 აცრა გვჭირდება, რათა წლის ბოლოსთვის
გარკვეული შემაკავებელი ეფექტი ვიგრძნოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ
მოვუწოდებ, უმორჩილესად ვთხოვ მოსახლეობას, რომ მივიდნენ აცრის
პუნქტებში და აიცრან. ამ პროცესს მხოლოდ აცრები შეაჩერებს. ქვეყანაში
ვაქცინის საკმარისი რაოდენობა გვაქვს და მოსახლეობას შეუძლია აიცრას“,
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.