ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს 4
ქალაქში აწარმოებს - თბილისში (2008 წლიდან), რუსთავში, ბათუმსა და
ქუთაისში (2014 წლიდან).
ჩატარებული კვლევების თანახმად, 2016 წლის საშუალო მონაცემების
მიხედვით 2015 წელთან შედარებით ჰაერში ტყვიის შემცველობა ქ. თბილისში
შემცირებულია 5-ჯერ, ქალაქ ბათუმში დაახლოებით 3-ჯერ, რუსთავში -
2-ჯერ, ხოლო ქუთაისში კი უმნიშვნელოდ. აღსანიშნავია, რომ ტყვიის
შემცველობის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია გრძელდება 2017 წლის
განმავლობაშიც.(5 თვის მონაცემის მიხედვით)
დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის ზღვრულად დასაშვები
კონცენტრაცია შეადგენს 0,0003 მგ/მ³-ში. (საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №297/ნ, 2001
წლის 16 აგვისტო, ქ. თბილისი, გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის
ნორმების დამტკიცების შესახებ).