ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ათზე მეტი მატარებლის
მოსაცდელია, მათ უმეტესობას ეს სახელწოდება უბრალოდ შემორჩა
და ადგილობრივებიც ასე მოიხსენიებენ, თორემ მოსაცდელს არცერთი აღარ
ჰგავს და მატარებელსაც იქ დიდი ხანია აღარავინ ელოდება.
ყველაზე მთავარი კი ამ ამბავში ის არის, რომ ეს ე.წ მოსაცდელები
დაზიანებული და საფრთხის შემცველია, ნებისმიერ დროს შეიძლება
ჩამოიშალოს და ადამიანი იმსხვერპლოს.
ყველა მოსაცდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზეა,
რაც საფრთხეს კიდევ უფრო აძლიერებს. მიმდებარედ ხშირად
გადაადგილდებიან და თამაშობენ ბავშვებიც.
სოფელ დვირში ნანგრევებად ქცეულმა ბაქანმა ფუნქცია წლების წინ
დაკარგა, აქ დიდი ხანია სამგზავრო მატარებელი აღარ დადის. ლიანდაგზე
იშვიათად მოძრაობს სატვირთო მატარებელი, ადგილობრივების თქმით,
რამდენიმე წლის წინ აქ მამაკაცი ჩავარდა და მიღებული ტრავმების
შედეგად გარდაიცვალა.
მოსაცდელი სოფელ დვირში
დვირისგან და კიდევ რამდენიმე სოფლისგან განსხვავებით სამგზავრო
მატარებელი დადის სოფელ ყვიბისში და ხალხი მას მოსაცდელზე თითქმის
ყოველთვის ელოდება, აქ მატარებელი დღეში ოთხჯერ გაივლის.
ადგილობრივები სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობას ხელმისაწვდომი ფასის
გამო არჩევენ. ყვიბისიდან თბილისში ჩასვლა ერთი ლარი ღირს, რაც
დედაქალაქში წასასვლელად ყველაზე იაფი გზაა.
ყვიბისში მცხოვრებლები ბოლო წლებია მოსაცდელის რეაბილიტაციის ნაცვლად
მის დემონტაჟს ითხოვენ. ნანგრევებად ქცეული შენობის კედლების შლასთან
ერთად ადგილობრივები დიდ საფრთხეს ხედავენ.
მოსაცდელი სოფელ ყვიბისში
ბორჯომში მატარებლის ყველა მოსაცდელი საქართველოს რკინიგზის
ბალანსზეა, შესაბამისად აღდგენის თუ დემონტაჟის გადაწყვეტილებაც ამ
უწყებამ უნდა მიიღოს. ბორჯომის მერიამ, საქართველოს რკინიგზას,
ყვიბისში არსებული ავარიული მოსაცდელის გამო არაერთხელ მიმართა. ბოლო
წერილი უწყებაში მუნიციპალიტეტის მერის სახელით თებერვალში გაიგზავნა,
წერილში ხაზგასმულია ის, რომ შენობა საფრთხის შემცველია და სიტუაცია
ყოველდღიურად მძიმდება.
საქართველოს რკინიგზას მიმართა ტელეკომპანია „ბორჯომმაც“, როგორც ჩანს
ყვიბისში მოსაცდელის რეაბილიტაცია იგეგმება, მაგრამ კონკრეტულად როდის
აღდგება მოქმედი ბაქანი რთული გასარკვევია, რადგან ტენდერი მომავალ
წელს უნდა გამოცხადდეს
„ბაქანი ყვიბისი-ს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების
მიზნით თავდაპირველად მიმდინარეობდა პროექტის მოსამზადებელი
სამუშაოები, სამწუხაროდ პროექტი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ
არასრულყოფილი სახით წარმოგვიდგინა, რის გამოც ვერ მოხერხდა ტენდერის
გამოცხადება სარემონტო სამუშაოებზე.
წლის ბოლომდე ველოდებით განახლებულ პროექტს, რის შემდეგაც 2019 წელს
ბაქანი ყვიბისის სარეაბილიტაციო სამუშაობის შესასრულებლად
გამოცხადდება ტენდერი.“ - ამბობენ საქართველოს
რკინიგზაში
საქართველოს რკინიგზა ყვიბისთან ერთად სხვა სადგურებზე დაგეგმილ
სამუშაოებზეც გვაწვდის ინფორმაციას
„მიმდინარე წელს დასრულდა ბაკურიანის სადგურის ბაქნისა და
სველი წერტილების სარემონტო სამუშაოები, ასევე მომზადდა წაღვერის და
ცემის სადგურების სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომლის
საფუძველზეც 2019 წელს იგეგმება წაღვერის სადგურის რეაბილიტაცია ასევე
მომზადებულია აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიხვა სოფელ ტბის
მოსაცდელზე და უახლოეს პერიოდში დაიწყება სარემონტო
სამუშაოები“
ასეა თუ ისე ბორჯომში არსებული მატარებლის მოსაცდელები სავალალო
სანახავია. ბორჯომელები იმედოვნებენ, რომ
შესაბამისი და პასუხისმგებელი სტრუქტურები, პრობლემის აღმოფხვრაზე
ზრუნვას დააჩქარებენ და უბედურ შემთხვევას არ დაელოდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.