ევროკავშირმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 11,8 მილიონი ლარი გამოყო
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და ადამიანის
უფლებების დაცვის მიმართულებით, ევროკავშირმა 11,8 მილიონი ლარი
გამოყო.
აღნიშნული თანხით 8 პროექტი დაფინანსდება.
საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებაზე
ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი იმყოფებოდა.
როგორც იანოშ ჰერმანმა განაცხადა, მსგავსი ტიპის პროექტებს
ევროკავშირი საქართველოში 8 წელი ახორციელებს და მსგავსი პროექტები
მომავალშიც გაგრძელდება.
"სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი
პრიორიტეტული საკითხია როგორც გლობალურ დონეზე, ასევე ადგილობრივად,
საქართველოში. შეირჩა ის 8 პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს
მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გაძლიერებას და ადამიანთა უფლებების
განმტკიცებას" - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის არის: სოციალური
სერვისების ხელმისაწვდომობა; ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანთა
უფლებები; ბავშვებზე ზრუნვა; წყალი, სანიტარია, ჰიგიენა; სამოქალაქო
მონაწილეობა და კარგი მმართველობა.