გიორგი კვირიკაშვილი - 2017 წელს 260 მილიონი დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ
2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გავრცელებულ
მონაცემებს.
"ძალიან შთამბეჭდავი ზრდა გვქონდა 2017 წელს. ეს გახლავთ 16.2%-იანი
ზრდა, ანუ 260 მილიონი დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური
ინვესტიციები წინა წელთან შედარებით. ძალიან ბევრ სექტორში დაფიქსირდა
ზრდა. განსაკუთარებით მინდა აღვნიშნო, რომ 39%-იანი ზრდა არის
ეკონომიკის რეალურ სექტორში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო
ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით და
რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო პოზიტიურად აისახება წლევანდელ
ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე" - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეინვესტირების მაჩვენებელზე
და აღნიშნა, რომ რეინვესტირების მაჩვენებლის თითქმის 130%-იანი ზრდა
გვქონდა, "რაც არის მართლაც უპრეცენდენტო მაჩვენებელი".
"ეს არის პირდაპირი შედეგი მოგების გადასახადის იმ რეფორმის, რომელიც
2017 წლის 1-ელ იანვარს დავიწყეთ ჩვენს ქვეყანაში. სწორედ მოგების
გადასახადის გაუქმებამ და არა მხოლოდ რეინვესტირებული, არამედ
გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლებამ მოგების გადასახადისგან
მოგვიტანა ეს ძალიან სახარბიელო შედეგი რეინვესტირების მაჩვენებლის
ზრდაში. ეს ტენდენცია აუცილებლად აისახება 2018 წლის ეკონომიკურ
მაჩვევებლებზეც. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ
თვითკმაყოფილებაში. ქვეყანაში არის უამრავი გაჭირვებული ადამიანი,
გვყავს ბევრი სოციალურად დაუცველი, მაგრამ ეკონომიკური განვითარების
ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ
ზრდას, რომელიც თანდათანობით აუცილებლად აისახება ჩვენი
თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე. დამერწმუნეთ, რომ ის დინამიკა და
ის ციფრები, რომელზეც ვსაუბრობთ აუცილებლად ისახება თითოეული ჩვენი
თანამოქალაქის ყოფაზე" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.