საზოგადოება
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი უკვე საქართველოშია
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც თვეების განმავლობაში ითხოვდნენ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები, უკვე საქართველოშია. ინფორმაცია თავდაპირველად ერთ-ერთმა მშობელმა გაავრცელა, მოგვიანებით კი რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტრომ დაუდასტურა.

"ვოსორიდიტის" მოხმარებას პირველ ეტაპზე 6 ბავშვი დაიწყებს, რომელთაგან პირველი ოთხი, სავარაუდოდ, 15 ნოემბერსვე გაიკეთებს ინექციას, ორი კი მომდევნო კვირებში ჩაერთვება მკურნალობის პროცესში. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ამ მედიკამენტით მკურნალობის პროცესი იაშვილის კლინიკაში წარიმართება.

აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც 25 ათას ბავშვში ერთს აქვს და დიაგნოზის მქონე პაციენტების 80%-ს მდგომარეობა სპონტანური მუტაციის შედეგად უვითარდება. ამ დიაგნოზის დროს ბავშვის სიმაღლე დაბადებისას ნორმალურია, მაგრამ დროთა განმავლობაში ის თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩება: ტანი ეზრდება, მაგრამ კიდურები - ხელები და ფეხები - მოკლე რჩება.
თუმცა მთავარი პრობლემა არ არის მხოლოდ სიმაღლე - აქონდროპლაზიამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის გადაჭარბებული შიდა მრუდი (ლორდოზი), ტვინში სითხის დაგროვება (ჰიდროცეფალია), სუნთქვის გაძნელება, შუა ყურის ხშირი ინფექციები და სხვა მრავალი გართულება. მათ შორის, წონის ზეწოლის შედეგად ქვედა კიდურების გამრუდება.
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანას საქართველოში წინ უძღოდა მშობლების ხანგრძლივი პროტესტი. სამინისტროსთან მოლაპარაკებების უშედეგობით დაეჭვებულმა დედებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან პერმანენტული აქციები 2023 წლის აპრილიდან დაიწყეს.

მთავრობა თავდაპირველად აცხადებდა, რომ მედიკამენტის გამოყენებას დამატებითი კვლევები სჭირდებოდა. იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად 24 მაისს დაემატა, 2023 წლის 26 ივლისს კი მოქალაქეების პროტესტის ფონზე მთავრობამ მიიღო "ვოსორიდიტის" საქართველოში შემოტანის გადაწყვეტილება.

სექტემბერში ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესყიდვისა და ქვეყანაში მისი 2023-2024 წლების განმავლობაში ეტაპობრივად დანერგვისთვის 10.5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. მშობლებმა კი ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც პასუხისმგებლობა აიღეს სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობაზე.

წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.