საზოგადოება
საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება
ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო-5-ის სტანდარტი შემოვიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.

„პირველი საკითხი ეს არის ჰაერის დაბინძურების საკითხი, რომელიც ჩვენ, ყველას, გვაწუხებს, - ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, საზოგადოებას. ჩვენს დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში არის ძალიან დიდი პრობლემა. ამის თაობაზე დეტალური კვლევები ჩაატარა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და მინდა ამის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ.

პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე წელია დავაწესეთ სტანდარტი საწვავზე და ევრო-5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას, რა თქმა უნდა, მუდმივად მონიტორინგს უტარებს შესაბამისი სამსახური, გარემოს ეროვნული სააგენტო. ჩვენ წელს ასევე, დიზელი იყო დარჩენილი, დიზელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება და ევრო-5-ის სტანდარტის დიზელი შემოდის, და ბენზინიც, და ხდება რუტინულად შემოწმება ხარისხის. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ, ზოგადად, დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ძალიან ბევრი გაუმართავი ავტომობილის არსებობასთან. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან. და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო-5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ამის თაობაზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი გონივრული ვადა მიგვეცა.

მინდა ავხსნა უფრო კონკრეტულად, რომ აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო-5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს.

ასევე გეტყვით, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად მოახდენს ჰაერის ხარისხის გაზომვას, მონიტორინგს. როგორც უკვე აღვნიშნე, ქვეყანაში ორი პრობლემური და დამაბინძურებელი გვაქვს, - ესენია მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი. ამას უფრო დეტალურად განმარტავენ ჩვენი შესაბამისი სპეციალისტები. მაგრამ ბოლო 4 წლის გაზომვები გვაჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგით ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო არის სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტი. კერძოდ, ამ დამაბინძურებლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება უმსხვილეს ქალაქებში, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, - ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, მარნეულში, ხაშურში, ახალციხეში და ჭიათურაში. გეტყვით, რომ აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. თბილისში ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება, და ამ ლოკაციებზე, რიგ ქუჩებზე გადაჭარბება ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. რაც ყველაზე მეტად ყურადსაღებია, ჩვენ გასულ წელს გავზომეთ ჰაერის ხარისხი და ბოლო პერიოდში გაზრდილია საგრძნობლად ამ მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების მოცულობა. ამას სჭირდებოდა დროული რეაგირება.

ჩვენ ასევე გადავხედეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. რეგიონში არც ერთი ქვეყანა აღარ დარჩა, რომელმაც ევრო-5-ის სტანდარტზე არ გადაიყვანა მთელი ავტოპარკი, და ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვთ ზოგიერთ ქვეყნებს, მათ შორის, ჩვენს მეზობლებს, - სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, ევროპაზე, რა თქმა უნდა, აღარ მაქვს საუბარი. ევროპაში დიდ ხანია ეს სტანდარტია დაწესებული.
კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება არც ერთ უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილს. საუბარი არის იმ ავტომობილზე, რომლებსაც შეიძენენ 2024 წლის პირველი იანვრიდან. პრაქტიკაში ეს იქნება 2013 წელს გამოშვებული ავტომობილები და უფრო ახალი ავტომობილები“,
- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.