სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენა- გავრცელების პროექტი იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის
(REC) დირექტორმა,
სოფიკო ახობაძემ პროექტის „აგრარული
ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის
მოწყვლად ეკოსისტემებსა და სოფლებში“ (2022-2026 წწ.) პრეზენტაცია
გამართა.
როგორც მან აღნიშნა: „პროექტი მინიმუმ 26 სახეობის მესხური
ვაზის ჯიშის აღდგენას და სანერგე მეურნეობის მოწყობას გულისხმობს,
რომელიც ამ ჯიშების გავრცელებას და მისგან ღვინის წარმოების
პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში შეიქმნება 2 შატო,
რომელიც მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშებიდან
წარმოებული გასტრონომიული პროდუქტების კონცეფციას დაეფუძნება.
იდენტიფიცირებულია 5000 ფერმერი, საიდანაც 2400 ქალი ფერმერია.
ვიმედოვნებთ, რომ ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი,
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქართული და მესხური ვაზისგან წარმოებული
ღვინის აღდგენას უკავშირდება“.
„ჩვენი ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც
ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული განსაკუთრებული რეგიონი. ამ უნიკალურ
ბიომრავალფეროვნებაში კი, გამორჩეული ადგილი აგრობიომრავალფეროვნებას
უჭირავს. მისი შენარჩუნება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარი ამოცანაა და პროექტიც ამ მიზანს
ემსახურება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი მდიდარია ვაზისა და ხორბლის
იშვიათი, ადგილობრივი ჯიშებით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ამ
ჯიშების აღდგენას და ფერმერებში გავრცელებას. პროექტის მხარდაჭერით,
მცირე და საშუალო ფერმერებს საშუალება მიეცემათ წარმოებაში გამოიყენონ
ეს ჯიშები, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ვაზის დივერსიფიცირებას და
ხორბლის წარმოებას. ამასთანავე, გაიზრდება ფერმერების შემოსავლები და
მეტი ადამიანი დასაქმდება სოფლებში“, - აღნიშნა ოთარ
შამუგიამ.
პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის
სექტორში აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენებისა და
დაცვის ხელშეწყობა, სახელმწიფო პოლიტიკისა და არსებული სამართლებრივი
ბაზის სრულყოფა და ადგილობრივ დონეზე შემოსავლების ზრდის მიზნით,
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი მესხური ვაზისა და ხორბლის
ჯიშების აგროწარმოებაში დანერგვის ხელშეწყობა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
ვაზის, ღვინისა და ხორბლის წარმოების დივერსიფიცირებას, მცირე და
საშუალო ფერმერული მეურნეობებისა და მწარმოებლების შემოსავლების ზრდას
და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი
მართვის სფეროში სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება, ადგილობრივი
ვაზისა და ხორბლის ჯიშების სარგავი/სათესლე მასალის ფერმერული
მეურნეობებისთვის გადაცემა და მათთვის შესაბამისი აგროტექნიკური
დახმარების გაწევა. ასევე, ადგილობრივი ფერმერების უნარებისა და
შესაძლებლობების გაძლიერება მათთვის შესაბამისი წვრთნისა და საველე
პირობებში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შეთავაზების გზით.