სამცხე - ჯავახეთში 21 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური განთავსდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სოსო ქინქლაძის
განცხადებით, სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის საჭირო
ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურებიდან ყველაზე მეტი კახეთსა და
სამეგრელო-ზემო სვანეთში განთავსდება.
როგორც ქინქლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დონორების დაფინანსებით
შეძენილი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები რეგიონებში შემდეგი ოდენობით
განთავსდება: სამეგრელო ზემო- სვანეთში დღეს არსებულ 19 სადგურს
დაემატება კიდევ 19 და ჯამში, 38 იქნება; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო
სვანეთში არსებულ 18 ერთეულს დაემატება კიდევ 18 და გახდება 36;
აჭარაში დაემატება 16 და გახდება 27; კახეთში არსებულ 23 სადგურს
დაემატება 19 და გახდება 42; გურიაში არსებულ 6 სადგურს დაემატება 13
და გახდება 19; ქვემო ქართლში ჯამში 29 სადგური იფუნქციონირებს;
სამცხე - ჯავახეთში 21; მცხეთა მთიანეთში - 35; შიდა ქართლში - 14;
ხოლო იმერეთში 31.
„სადგურების დამონტაჟებას თავისი კრიტერიუმები გააჩნია. ცხადია,
მთავარი კრიტერიუმი ეხება მოწყვლად რეგიონებს, სადაც ისტორიულად
სტიქიური მოვლენების მიმართ არის მიდრეკილება. 2023 წლის ბოლომდე,
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 300-მდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური
იქნება განთავსებული ანუ დღეს არსებულს უნდა დაემატოს 154 ერთეულამდე
სადგური. განთავსებისას ადგილის შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით ხდება,
ესენია: კლიმატური ფაქტორები, რელიეფი, რეჟიმული ფაქტორები და ა.შ.
ყველა რეგიონში იქნება იმდენი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რამდენიც
საჭიროა. გადანაწილდება რაციონალურად, რომ მომავალში სტიქიური
მოვლენების პრევენცია მოხდეს. ცხადია, სოფლის მეურნეობისა და
აგრომეტეოროლოგიური სადგურების თვალსაზრისით, დიდ წილად აქცენტი
აღმოსავლეთ საქართველოზე გაკეთდება, მათ შორის, კახეთის რეგიონზე
პირველ რიგში. რაც შეეხება უხვი ნალექებისა და წყალდიდობების
თვალსაზრისით, ამას უკვე სხვა პრინციპები აქვს. ცხადია, კახეთის
რეგიონი ერთ-ერთი აქტუალური რეგიონია სტიქიური უბედურებების კუთხით,
მაგრამ დასავლეთ საქართველოშიც ხშირია უხვნალექიანობა.
ხაზგასასმელია ის, რომ მხოლოდ სადგურების რაოდენობა არ არის მთავარი
განმაპირობებელი, იმისთვის, რომ ესა თუ ის ტერიტორია კარგად გაშუქდეს.
კიდევ უამრავი ფაქტორია. გარდა ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურებისა,
არსებობს დაკვირვების სხვა საშუალებები, მაგალითად მეტეოროლოგიური
რადარი, რომელიც გაცილებით კარგად და ეფექტურად აგროვებს მოსალოდნელ
ნალექებზე ინფორმაციას. შემდეგ ხდება სხვადასხვა დაკვირვების
ტიპებიდან ინფორმაციის შეკრება და საერთო პროდუქტის გამოყვანა“, -
განაცხადა სოსო ქინქლაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ
სადგურებს კიდევ 154 დაემატება, ამით ქვეყნის ტერიტორიის სრულად მოცვა
მაინც ვერ მოხდება.
„თუმცა ჯამში, 300 ერთეულით დიდწილად იქნება დაფარული ქვეყნის
ტერიტორია. რაც ჩამოგითვალეთ, საკმაოდ ძვირადღირებულები
ტექნოლოგიებია, მისი ექსპლუატაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
მუშაობის პრინციპი ასეთია, სენსორები ახდენს ამ ინფორმაციის ჩაწერას,
შემდეგ ცენტრში გადმოიცემა ინფორმაცია. ეს სადგურები დონორებმა
შეიძინეს. 154-ვეს შეძენა დაახლოებით 7 მლნ ლარამდე დაჯდა. სადგურების
ყოველწლიურ მოვლაზე გვჭირდება ნახევარი მილიონი ლარი, ხელფასების,
გადმოცემის საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და ა.შ. გარეშე“, -
აღნიშნა ქინქლაძემ.