"2008 წლის ომთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო,,-საია
,,როგორც
საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე იცავს 2008
წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს. საიას
ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი,
რომელიც ომის დროს რუსეთის
ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა
უფლების დარღვევას შეეხება.
2022 წლის 07 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან
მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ 2008 წლის ომთან
დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო.
კერძოდ, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან
(ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი)
დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ
საქმეებს შორის არის საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78
ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება.
ხაზგასასმელია, რომ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 21
იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ
გამოაცხადა გადაწყვეტილებასახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო
რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08), რომელიც 2008 წლის აგვისტოს
ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს
შეეხება.
სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში სხვადასხვა საერთაშორისო
ორგანიზაციის ანგარიშებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ საქართველოს
მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, რომელმაც კონფლიქტის პერიოდში მათი
საცხოვრებელი სახლები დატოვა, ცხოვრებას აგრძელებდა საქართველოს
კონტროლირებად ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო
ხელისუფლების მიერ არ ეძლეოდათ საკუთარ სახლებში დაბრუნების
შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ ეთნიკურად ქართველების სახლები
მდებარეობდა რუსეთის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე და
რუსეთი ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა ადმინისტრაციულ საზღვარზე,
სასამართლოსთვის საკმარისი აღმოჩნდა, რუსეთისა და საქართველოს
მოქალაქეებს შორის იურისდიქციული კავშირის დასადგენად (§§
292-95).
სასამართლოს განმარტებით, საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობა
წარმოადგენს ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ქართველების მიმართ
კვლავ გრძელდება. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო
ხელისუფლებას და ასევე, რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე
ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით
ეკისრება ვალდებულება, ქართული წარმოშობის მცხოვრებლებისთვის სახლებში
დაბრუნების უფლება მისცეს"-ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.