აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნება — კანონპროექტი
პარლამენტში დღეს აზარტული თამაშების
შესახებ მისაღებ კანონპროექტზე მსჯელობდნენ, რომლის თანახმად,
შემოდის დამოკიდებულ და აკრძალულ
პირთა ცნებები და იქმნება მათი რეესტრის სია, რომელსაც შემოსავლების
სამსახური აწარმოებს. კანონპროექტის თანახმად, აგრეთვე, განისაზღვრება
დამოკიდებულ პირთა რეესტრის წარმოების წესი და მონაცემების შეტანის
ვადა. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეტანა ხუთი წლის ვადით
მოხდება.
კანონპროექტის განხილვაზე აღნიშნეს, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში მისი
მონაცემების შეტანას პირი თავისი განცხადების საფუძველზე
მოითხოვს.
"სიიდან პირის მონაცემების ამოღება შესაძლებელია სასამართლო
ბრძანების საფუძველზე. განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრე. რეესტრის
წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. დამოკიდებულ და
აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირის შესახებ პერსონალური მონაცემები
მუშავდება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. შემოსავლების სამსახური
თამაშობის ორგანიზატორს მისი მოთხოვნის საფუძველზე თამაშობაში
მონაწილე მსურველ ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის ინფორმაციას
მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე", —
აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზარტულ თამაშებში
მონაწილეობის მიღება 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ.
რაც შეეხება მოსახლეობის კატეგორიას, კაზინოებში ვერ ითამაშებენ:
სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ
სახელმწიფოსგან;
საჯარო მოხელეები — პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების
სამსახურს თვითშეზღუდვის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირები,
რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების
საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.
აზარტულ თამაშებზე წვდომა ჯამში ერთ მილიონამდე სრულწლოვან
ადამიანს ექნება შეზღუდული. მთავრობა, ასევე, უცხოეთში
აზარტული თამაშებისთვის თანხის გადარიცხვის შეზღუდვას გეგმავს.
ასევე, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამა. მათ შორის,
სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებ-გვერდებზე განთავსებული რეკლამა.
სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების
გაფორმება იქნება დასაშვები.
კანონის ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, ონლაინ სათამაშო
ბიზნესისთვის გათვალისწინებილი იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის
მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი
ბაზა 65-70%-ით გაიზრდება.
წყარო: on.ge