პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ პარლამენტის წინ აღმართა ევროკავშირის დროშა
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ თავისი
ხელით აღმართა ევროკავშირის დროშა, რომელიც 6 ივლისს „ღირსების
მარშის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების წარმომადგენლებმა ჩამოგლიჯეს.
ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები კახა
კუჭავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გამოაქვეყნა.
,, მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული
პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში
ფასდაუდებელია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის
ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო
ძალადობასთან.“, - წერს კახა კუჭავა ფეისბუკში.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა
ძალადობრივმა ჯგუფებმა 6 ივლისს პარლამენტის წინ აღმართული
ევროკავშირის დროშა მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორია დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების
ნაწილისა და "თბილისი პრაიდის" მხარდამჭერების მდუმარე აქციის
დასრულების შემდეგ.