თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლოს
დროებითი განჩინების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო
ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების
სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა
დაევალათ.
კერძოდ, როგორც დროებით განჩინებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო
სასამართლომ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შუამდგომლობა
ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
დროებითი განჩინების მიხედვით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს დაევალათ ისეთი ქმედების განხორციელება,
რომლითაც ისინი დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე
უზრუნველყოფენ ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა
დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია)
გადაყვანას.
"განმცხადებელს შესაბამისი სარჩელის აღძვრისთვის განესაზღვროს ვადა-10
დღე და განემარტოს, რომ სარჩელის აღნიშნულ ვადაში არაღძვრის
შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას დროებითი განჩინების
გაუქმების თაობაზე",-აღნიშნულია დროებით განჩინებაში.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის
უფლებებისთვის" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი
შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების
დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა.