covid-19
კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ მკურნალობის პროტოკოლი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ. დოკუმენტში კონკრეტულად არის გაწერილი, რა შემთხვევაში უკავშირდება პაციენტი ოჯახის ექიმს.

„კერძოდ, თუ მას აქვს ცხელება, ხველა და ქოშინი, ან ასევე სხვა ნიშნები, მაგ.: დაღლილობა (ხშირი) ან შეუძლოდ ყოფნა (პაციენტის გადმოცემით) - 38-69%-ში; ანორექსია (მადის დაქვეითება) - 40%-ში; ნახველის გამოყოფა (ხშირი) - 26-33%-ში; ყელის ტკივილი (ხშირი) - 5-17%-ს - ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე; დაბნეულობა (იშვიათი) - 9%-ში; თავბრუსხვევა (იშვიათი) - 9%-ში; თავის ტკივილი (იშვიათი) - 6-14%-ში; ცხვირიდან წყალივით გამონადენი (იშვიათი) - 4-5%-ში; ტკივილი გულმკერდის არეში (იშვიათი) - 2-5%-ში; შესაძლოა, პნევმონიის გამო; გასტროინტესტინური სიმპტომები (იშვიათი) - 1-10%-ში; კონიუნქტივის ჰიპერემია (იშვიათი) - 1%-ში. დიაგნოზი; ბრონქული სუნთქვა (იშვიათი) - შესაძლოა, ასახავდეს პნევმონიის არსებობას; ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა (ანოსმია და აგევზია) - ბოლო დროს დაგროვილი კლინიკური გამოცდილებით ეს სიმპტომები ზოგჯერ შესაძლოა, წინაც კი უსწრებდეს ხველისა და ცხელების განვითარებას;

ასევე ოჯახის ექიმს პაციენტი ატყობინებს იმ შემთხვევაშიც, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში ან თავად იყო საზღვარგარეთ ან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ უცხოეთიდან ჩამოსულ პირთან; ან ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი გასული 14 დღის განმავლობაში COVID-19–ის დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევის მქონე პირებთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან. ახლო კონტაქტი გულისხმობს ასეთ პირთან 2 მეტრის და უფრო ახლო მანძილზე ხანგრძლივად ყოფნას პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე“ - ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი რეკომენდაციები ექიმებისთვისაც, რომელსაც უნდა მიმართონ შეტყობინების მიღების შემდეგ. კერძოდ, სამედიცინო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, თუ პაციენტს არ აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მართოს ის დისტანციურად.

„პაციენტი მსუბუქი სიმპტომებით - ურჩიეთ „დარჩეს სახლში“ და მოახდინოს თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში. მიაწოდეთ თვითმოვლის რეკომენდაციები. თუ თვითიზოლაცია შეუძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყავით პაციენტის გადაყვანა საკარანტინე სივრცეში ურჩიეთ ტემპერატურის გაზომვა სულ მცირე დღეში ორჯერ (დილა-საღამოს) და მაჩვენებლების დოკუმენტირება, შეაფასეთ პაციენტის ბინაზე დარჩენის პირობები: თუ პაციენტს ყავს შესაბამისი მზრუნველი პირები ოჯახში, აქვს იზოლირებული ოთახი, სადაც არ შევლენ ოჯახის სხვა წევრები; აქვს ადეკვატური რესურსი საკვებისა და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.პაციენტსა და ოჯახის წვრებს აქვთ შესაბამისი პირადი დაცვის საშუალებები (სულ მცირე, ხელთათმანები და ნიღაბი) და იციან მათი მოხმარების წესები; პაციენტი და ოჯახის წევრები იცავენ რესპირაციული ჰიგიენის წესებს (ხველის ეტიკეტი, ხელების ჰიგიენა და ა. შ.); პაციენტს ყავს ოჯახის წევრები, რომლების შესაძლოა იმყოფებოდენ COVID-19 ინფექციის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ (მაგ.: ხანდაზმულები, პაციენტები ქრონიკულ დაავდებებით, იმუნოკომპორომეტირებული პირები - ასეთ დროს აუცილებელია პაციენტის გადამისამართება საკარანტინე სივრცეში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, პაციენტმა დღის მანძილზე უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე, რათა შარდს შეუნარჩუნდეს ღია გამჭვირვალე ფერი. შესაძლებელია მიიღოთ პარაცეტამოლი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით. მედიკამენტი მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად და არ გადააჭარბოთ დოზას. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო რჩევებს; დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ან ოჯახის სხვა წევრის მდგომარეობა გაუარესდება“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში სამედიცინო პერსონალს რეკომენდაციები ბინაზე ვიზიტთან დაკავშირებითაც ეძლევა.

„შესაძლო COVID-19 პაციენტთან ბინაზე ვიზიტამდე, რეკომენდებულია, დისტანციური ტრიაჟის განხორციელება. მას შემდეგ, რაც შესაძლო COVID-19 პაციენტთან ოჯახის ექიმი განახორციელებს დისტანციურ ტრიაჟს, ბინაზე ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • სატელეფონო ტრიაჟის საფუძველზე პაციენტი საჭიროებს პირის პირშეფასებას, მაგრამ არ შეუძლია კლინიკაში მოსვლა ინფექციის კონტროლის წესების შესაბამისი დაცვით.
  • სატელეფონო ტრიაჟის საფუძველზე პაციენტის მდგომარეობა განისაზღვრა როგორც მძიმე, მაგრამ პაციენტი 112-ს უარს უცხადებს ჰოსპიტალურ მკურნალობაზე.
  • პაციენტები, რომელთათვისაც მათი საცხოვრებელი ადგილის დატოვება უკუნაჩვენებია მათი სამედიცინო მდგომარეობის გამო (მაგ. პაციენტები ახლად გადატანილი ინსულტით ან მძიმე გულის იშემიური დაავადებით).
  • სადაც შესაძლებელია, კონსულტაცია უნდა იყოს დისტანციური და არა ბინაზე. არ არის რეკომენდებული სამედიცინო პერსონალის ვიზიტი ბინაზე ინფექციის კონტროლის წესების მკაცრი დაცვის და დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე“ - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ექიმს ვალდებულება უჩნდება პაციენტთან მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს. კერძოდ, დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციების თანახმად, ექიმმა სატელეფონო კომუნიკაცია პერიოდულობით უნდა განახორციელოს.

„განახორციელეთ სატელეფონო მონიტორინგი მე-3 დღეს; მესამე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-6 დღეს, მეოთხე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-10 დღეს და მეხუთე კომუნიკაცია არაუგვიანეს მე-14 დღეს; მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალში გადასაყვანად დაუკავშირდით სსიპ „112“-ს.

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს, ურჩიეთ, გადადონ თავის ოჯახის ექიმთან, თუ სხვა სპეციალისტთან რუტინულად დანიშნული ვიზიტი და გააუქმონ აღნიშნული წინასწარი ჩაწერა. რეკომენდებულია ყველა გეგმიური რუტინულად დანიშნული ვიზიტისა და წინასწარი ჩაწერის გაუქმება და აღნიშნულის სანაცვლოდ დისტანციური მეთვალყურეობის ფორმების გამოყენება (სატელეფონო თუ ონლაინკონსულტაციები)“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ექიმებს რეკომენდაციები ეძლევათ COVID-19 საეჭვო პაციენტების პირისპირ კონტაქტთან დაკავშირებითაც.

„ყურადღებით და ფრთხილად დაგეგმეთ პაციენტის ვიზიტი ისე, რომ რაც შეიძლება, შემცირდეს მოსაცდელში მისი დაყოვნების ხანგრძლივობა. თუკი შესაძლებელია, პაციენტებისთვის საეჭვო COVID-19-ით მოსაცდელი სივრცე ან იზოლირებული ოთახი უნდა განცალკევდეს და აღინიშნოს გამაფრთხილებელი წარწერით სხვა პაციენტების საყურადღებოდ; სადაც შესაძლებელია, ეს სივრცე უნდა იკეტებოდეს კარებით. რეკომენდებულია, პჯდ დაწესებულებაში გამოიყოს სამუშაო დროის განსხვავებული პერიოდები შესაძლო COVID-19 და არა-COVID-19 პაციენტების მისაღებად (პროგრამაში ჩართული დაწესებულებისთვის).

თუ განცალკევებული დროების გამოყოფა შეუძლებელია, რეკომენდებულია, პაციენტს ურჩიოთ მოიცადოს კლინიკის გარეთ (თუ ის თანახმაა და არ გამოთქვამს უკმაყოფილებას) – თუ შესაძლებელია, ურჩიეთ დაელოდოს საკუთარ ავტომანქანაში, სხვა შემთხვევაში დარჩეს გარეთ და დაიცვას სულ მცირე 2-მეტრიანი დისტანცია, ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით. – მოუხმეთ პაციენტს მას შემდეგ, რაც იზოლირებული ოთახი მზად იქნება პაციენტის მისაღებად. – პაციენტებს, რომელთაც არ შეუძლიათ გარეთ მოცდა, უნდა მიეცეთ გაფრთხილება სხვა პაციენტებისგან 2 მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ.

პერსონალი ვალდებულია დაბანილი ხელებით და დამცავი საშუალებებით, მინიმალურ დროში მოახდინოს პაციენტის შეფასება. ყველა გამოყენებული საშუალების განადგურება უნდა მოხდეს კლინიკური ნარჩენების მართვის წესების მიხედვით.

თუკი პაციენტის მდგომარეობა მწვავეა, გამოიძახეთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, მიაწოდეთ ინფორმაცია ოპერატორს შესაძლო COVID-19-ის შესახებ და განახორციელეთ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. თუკი აღნიშნული პირისპირ კონსულტაციით, პაციენტის მდგომარეობა არ შეესაბამება საეჭვო COVID-19 დეფინიციას, დამატებითი ღონისძიებები საჭირო არ არის. თუკი პირისპირ კონსულტაციით ვლინდება საეჭვო COVID-19 შემთხვევა, მეორე პაციენტის მოსვლამდე უნდა განხორციელდეს ოთახის დეკონტამინაცია დადგენილი წესით, კარების სახელურების ჩათვლით იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომდევნო პაციენტი COVID-19 საეჭვო შემთხვევაა“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, COVID-19 ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (განგაშის ყველა ხელთარსებული საშუალებით). „სასწრაფო შეტყობინება ნიშნავს დაავადების შესახებ ინფორმაციის სასწრაფო (იმავე სამუშაო დღეს, ნებისმიერ შემთხვევაში გამოვლენიდან არაუგვიანეს 24 საათისა) გადაცემას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ზედა რგოლისათვის დაავადების კლინიკურად ან ლაბორატორიულად გამოვლენისთანავე. გამომვლენი ვალდებულია ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით (სასწრაფო შეტყობინების ბარათი (ფორმა №58/1, ტელეფონი, ელფოსტა) შეტყობინება გადასცეს საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრში, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას გადასცემს მუნიციპალურ ან ცენტრალურ სამსახურებს (ცენტრი, სამინისტრო).
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.