სამცხე-ჯავახეთში 6 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 153 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2022 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით,
უკანონო ტყითსარგებლობის 1 705 ფაქტი
გამოავლინეს. მათ შორის, 1 369 ფაქტი ხე-ტყის უკანონო
მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 336 კი, უკანონო სახერხი
საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის
ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან, 135 ფაქტი სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 417
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 237 სამართალდარღვევა,
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 206, სამცხე-ჯავახეთში - 153, ქვემო
ქართლში - 130, აჭარაში - 70, შიდა ქართლში - 63, მცხეთა-მთიანეთში -
37, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 26, გურიაში კი 18
სამართალდარღვევა გამოვლინდა.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც. გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 6
თვეში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 12 ფაქტი
აღკვეთეს.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3 934 კუბურ მეტრამდე
ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 287 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 49 ერთეული არარეგისტრირებული
სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.