ახალციხეში ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ახალციხეში, ყალბი
საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი
დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო
მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ
მყოფი კომპანიის სახელით, დაამზადა და გაასაღა 35 000 ლარის
ღირებულების 5 000 (კუბური მეტრი) ვულკანური წიდის (პემზა) თითქოსდა
მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა
და ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რის სანაცვლოდაც 12 150 ლარი
მიიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების
აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.