ახალი ამბები
დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“ - კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში კრიტიკის ობიექტია. კრიტიკა მოდის როგორც „ექსპერტის“ სტატუსის მქონე პირების, ისე „ქართული ოცნებიდან“ გასული 3 დეპუტატისა და მეტიც, თავად ხელისუფლებისგან. „საქართველოს ომში ჩართვის სურვილი“, „მოსამართლეზე ზეწოლა“ - ეს ორი ყველაზე მსხვილი ბრალდებაა, რასაც კელი დეგნანის წინააღდეგ კამპანიური ხასიათი აქვს და რის გამოც ამერიკელ დიპლომატს კარგა ხანია, თავის მართლების რეჟიმში უწევს ყოფნა... ელჩს მის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია აკვირვებს და მიიჩნევს, რომ „უნდა დავსვათ კითხვა, რა არის ყველა იმ ადამიანის მოტივი, რომელიც დაჟინებით იმეორებს ყალბ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს აშშ-ს ძალისხმევის არასწორად წარმოჩინებას“.

როგორ ხსნის კრიტიკას და რას ფიქრობს საკითხზე, რომელიც რამდენიმე თვეა აქტუალობას არ კარგავს: „ცდილობს თუ არა დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას“, ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე აშშ-ის ელჩმა „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურად უპასუხა:

- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისა და თქვენ მიერ გამოყოფილი დროისთვის. საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან და ფაქტობრივად, მომავლის განმსაზღვრელ მომენტში თქვენ უკიდურესი მნიშვნელობის სამუშაოს ასრულებდით აქამდეც და განაგრძობთ მის შესრულებას. საქართველოში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და დეპოლარიზაციის პროცესში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობთ, თუმცა ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიეღო, უმთავრესი ბარიერი კვლავ პოლარიზებული გარემო აღმოჩნდა. სანამ ვითარებას კონკრეტულად ჩავუღრმავდებით, ზოგადად მინდა გკითხოთ, თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე და რატომ ვერ შეძლო ქვეყანამ ამ დაპირისპირების გადალახვა? გიჩნდებათ შთაბეჭდილება, რომ, ერთი მხრივ, მმართველი პარტიისა და მეორე მხრივ, ოპოზიციის ნაწილის ინტერესებში შედის არა გადაკვეთის წერტილების პოვნა, არამედ პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზების ძიება ?

- ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის აღსანიშნავად საქართველოს ყველა რეგიონში ვმოგზაურობ, რათა უშუალოდ შევხვდე ხალხს. რაც მესმის ადამიანებისგან, ვისაც ვხვდები, არის ის, რომ ისინი ძალიან დაიღალნენ და იმედგაცრუებულები არიან იმ პოლარიზაციის გამო, რაზეც თქვენ საუბრობთ. საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ აირჩია ევროპული მომავალი, უფრო დემოკრატიული, უფრო აყვავებული, უფრო უსაფრთხო მომავალი. ამ მომავალს აფერხებენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უფრო მეტ დროს ხარჯავენ ერთმანეთზე თავდასხმაზე, ვიდრე საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობაზე, როგორიცაა, მაგალითად, უმუშევრობის მაღალია მაჩვენებელი, გაზრდილიფასები და განათლება. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა საქართველოს გზა ევროკავშირისაკენ და ქვეყნის საუკეთესო ინტერესები მათ პარტიულ უთანხმოებაზე წინ უნდა დააყენონ.

ისე როგორც ამ 30 წლის განმავლობაში, დღესაც, შეერთებული შტატები როგორც, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა დაეხმაროს ამ ქვეყანას, დაიკავოს თავისი მართებული ადგილი ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში.

- „საქართველოს დევიზია: „ძალა ერთობაშია“ – ევროკავშირის კანდიდატობა არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ მიიღწევა“ - ეს განცხადება გასულ კვირას საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ 25 ივლისიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარალელური პროცესი დაიწყო. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეს პარტიებმა, როცა კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ სხვადასხვა სავალი გზა აირჩიეს. თქვენ როგორც დიპლომატი, მიიჩნევთ, რომ ამ გზით საქართველოს სტრატეგიული მიზნის მიღწევა შესაძლებელია ?

- ერთიანობა საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. როგორც არაერთხელ ვთქვით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ლიდერებმა გვერდზე გადადონ უთანხმოებადა გაერთიანდნენ საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური მომავლის სახელით. იმედი მაქვს, რომ გამჭვირვალე, ინკლუზიური პროცესების მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების ჩართულობით, მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები შეიმუშავებენ კონკრეტულ, პრაქტიკულ წინადადებებს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის რეკომენდაციებს. საბოლოო ჯამში, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე იქნება დამოკიდებული, რომ შეთანხმდნენ იმ საკითხებზე, რაც საუკეთესო იქნება ამ მიზნის მისაღწევად. რეალური წარმატება, რომელიც გამოხატავს ერთგულებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარმართული პროცესისადმი, მოიცავს დისკუსიებსა და კომპრომისებს ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან. დემოკრატია არის კომპრომისი და კონსენსუსის მიღწევა, რათა ყველამ შეძლოს საბოლოო შედეგის მხარდაჭერა. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, დემოკრატიები, რომლებმაც შეძლეს ერთად მუშაობა, ყველაზე ძლიერი აღმოჩნდნენ.

- მოწოდებების მიუხედავად, ერთიანი ძალებით იმუშაონ ევროკავშირის რეკომენდაციებზე, იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება ერთიან სამუშაო პროცესს, ამას შემდეგნაირად ხსნის: „კომისიები, რომელსაც წინაპირობები აქვს, რომ დეოლიგარქიზაცია არ ეხება ბიძინა ივანიშვილს, დეპოლარიზაცია ოპოზიციის გაჩუმებაა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, თურმე არ ვრცელდება 12 პუნქტი, პირდაპირ გვითხრეს, რომ „კლანი“ სასამართლოში არ არის და ჩვენ კანონს, რომელსაც დავწერთ არ შეეხება „კლანსო“. გეკითხებით, როგორ უნდა შევიდეთ პროცესში, სადაც წინაპირობებს მიყენებენ და ვიცი, რომ ოთხ ფუნდამენტურ საკითხში აპრიორი არ იქნება შესრულებული ევროკავშირის მოთხოვნა?“ - ასეთია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის პოზიცია. თქვენ როგორც მიმდინარე პროცესებში კარგად გათვითცნობიერებულ ადამიანს, გაქვთ ამ განცხადების საპირწონე არგუმენტი, რომლითაც დაარწმუნებთ ოპოზიციას, რომ ხელისუფლებასთან ძალისხმევის გაერთიანება და მისთვის ნდობის გამოცხადება ღირს?

- არაერთხელ გვითქვამს, რომ კომპრომისისკენ ერთობლივი მუშაობა საუკეთესო გზაა ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ახლა აქვს ისეთი რამ, რაც აქამდე არ ჰქონია თავის ახალგაზრდა დემოკრატიის ისტორიაში: მკაფიო გზამკვლევი ევროკავშირის კანდიდატობისკენ. ქართველებმა უნდა იამაყონ იმით, რასაც მიაღწიეს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მათ აქვთ შანსი კიდევ უფრო მეტად იამაყონ, ერთობლივი მუშაობით ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად.

- ერთ-ერთი საკითხი, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება თანხვედრის წერტილს ვერ ხედავს, უკავშირდება იმას, უნდა შეეხოს თუ არა ბიძინა ივანიშვილს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული კანონი. მინდა თქვენც გკითხოთ, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი?

- რეკომენდაციები არ ასახელებს კონკრეტულ პირებს. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე გარე გავლენის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამჭვირვალე მექანიზმების ჩამოყალიბება და სასამართლო რეფორმის გზით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც აღასრულებს კანონს პოლიტიკური ჩარევის გარეშე.

- აქვე ჩაგეკითხებით, რამდენიმე დღის წინ მედიისთვის მიცემულ კომენტარში ბრალდებების საპასუხოდ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილს დიდი ხანია არ შეხვედრიხართ და როცა შეხვდით, მისი შანტაჟის მცდელობა ნამდვილად არ გქონიათ. შემიძლია გკითხოთ, რა სტატუსით შეხვდით ივანიშვილს? - შეხვდით როგორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, როგორც ოლიგარქს, თუ რამე სხვა სტატუსის მატარებელს ?

- როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ.

როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის.

- ძალიან ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ დასავლეთში ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავენ. ამ ვარაუდს განამტკიცებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერებული განცხადებები, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მიმართ არსებული მხარდამჭერი პოზიციისთვის დაისჯება ბიძინა ივანიშვილი და არა მხოლოდ ის, არამედ მისი გარემოცვა. მინდა გკითხოთ, რამდენად არის პერსონალური სანქციების დაწესების თემა აქტიური განხილვის საგანი შეერთებულ შტატებში?

- შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისადა ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. ფინანსური სანქციები ასე არ მუშაობს. მათ, ვინც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ, ეს იციან, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არის განთავსებული. სახაზინო დეპარტამენტი გამოსცემს პრესრელიზებს, არსებობს საჯარო საძიებო სია, რათა ეცნობოს ბანკებს და სხვა ინსტიტუტებს სანქციების დაწესების შესახებ.

გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება კონცენტრირებული იყოს მკაფიო გზამკვლევზე ევროკავშირის წევრობისკენ.

- არ შემიძლია არ გკითხოთ დეპუტატთა იმ მცირე ჯგუფზე, რომლებიც მმართველ პარტიას ბოლო პერიოდში გამოეყვნენ და საკმაოდ მძიმე ბრალდებებით გამოირჩევიან პირადად თქვენი და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ფიქრობთ, რომ ამ ჯგუფის არაკონსტრუქციული განცხადებების უკან თავად მმართველი პარტია არის ამოფარებული ? მახსოვს ყაველაშვილის წერილის საპასუხოდ თავად თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ დეპუტატების ნარატივი საეჭვოდ ემთხვევა „ქართული ოცნების“ ნარატივს. აქვე გკითხავთ, რა მოტივი შეიძლება იდგას ანტიამერიკული და ანტიდასავლური განცხადებების უკან?

- ჩვენც გვაქვს კითხვები საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტიდან - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან ყურადღების გადატანის მოტივებზე და დაჟინებით იმის გამეორებაზე, რაც უკვე არაერთგზის ითქვა, რომ დეზინფორმაციაა. ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ კითხვებს საქართველოში ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შესახებ. რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.

საელჩო ორიენტირებულია გააგრძელოს მტკიცე თანამშრომლობა, რამაც განსაზღვრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს იყო წარმატებული და პროდუქტიული პარტნიორობა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და რითიც ათასობით საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

- კიდევ ერთი განცხადება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა არ კარგავს აქტუალურობას და კვლავ გაიჟღერა ყაველაშვილი- ხუნდაძე -სუბარის 25 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, არის „საქართველოს ომში ჩათრევის“ საკითხი. „თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას“,- ნათქვამია თქვენი მისამართით გაკეთებულ განცხადებაში. როგორ ხსნით იმ ფაქტორს, რომ მრავალჯერ გაკეთებული განმარტების მიუხედავად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომ არავისი მიზანი არ არის საქართველოს ომში ჩართვა, ეს საკითხი კვლავ და კვალ უბრუნდება პოლიტიკურ დღის წესრიგს?

- კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რა არის ნებისმიერი ადამიანის მოტივი, რომელიც დაჟინებით იმეორებს ყალბ ინფორმაციას რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს აშშ-ს ძალისხმევის არასწორად წარმოჩინებას. შეერთებული შტატების ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სასტიკი და არაპროვოცირებული ომის განმავლობაში მშვიდობის აღდგენაზე იყო ორიენტირებული. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტრაგიკული კონფლიქტი არ გავრცელდეს საქართველოზე და რომელიმე სხვა ქვეყანაზე. თებერვალში ხელახალ შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, აშშ-ს დიპლომატიური ძალისხმევა იყო კარგად მობილიზებული, ხდებოდა მუდმივი გაფრთხილება ძალის არაპროვოცირებული გამოყენების წინააღმდეგ, იყო მუდმივი კომუნიკაცია როგორც პუტინთან, ასევე რუს ხალხთან, რომ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა არის საუკეთესო გამოსავალი. რუსეთმა უგულებელყო ეს გაფრთხილებები და ახლა კიდევ უფრო იზოლირებულია მთელი მსოფლიოსგან.

დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში. ისინი, ვინც ვარაუდობენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ საქართველო ომში იქნებოდა, ან ვინც ავრცელებს ნარატივს „მეორე ფრონტის“ შესახებ, ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს შიშისა და დაბნეულობის შექმნას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამ განცხადებებს ეხმიანებიან მმართველი პარტიის წევრები. ისინი ცუდ სამსახურს უწევენ საქართველოს ხალხს და ყურადღება გადააქვთ იმ მნიშვნელოვანი საქმისდან, რომელიც უნდა გაკეთდეს ხალხის გაერთიანებისა და საქართველოს წინსვლისთვის.

დასავლეთი თანამშრომლობს საქართველოსთან, რომ შეწყდეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მშვიდობიანად და მხარი დაუჭიროს რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილ უამრავ ადამიანს. ჩვენი პოზიცია ნათელია - ეს განაცხადეს პრეზიდენტმა ბაიდენმა, მდივანმა ბლინკენმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჩვენმა მრავალრიცხოვანმა სტუმარმა და მე. ეჭვგარეშეა, რომ როგორც საქართველოს პარტნიორს, ჩვენ გვინდა მშვიდობა - აქ, უკრაინაში და მთელს ევროპაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისთვის, რომლის ნაწილი საქართველოცაა.

- აბსოლუტურად უცნაურია იმის განცდა, რომ ჩვენ მხოლოდ გავცემთ, მხოლოდ გავცემთ და ვერასდროს ვიღებთ რაიმეს სანაცვლოდ,- ეს შთაბეჭდილება ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაგვიზიარა. როდესაც წასვლის წინ ევროკავშირის ელჩის მიმართ კრიტიკა ისმის, როდესაც თქვენ მიერ ხშირად ჩამოთვლილი საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტების მიუხედავად კრიტიკა და ბრალდებები გესმით პერსონალურად თქვენი და აშშ-ის მიმართ, გიჩნდებათ თქვენც მსგავსი სკეპტიკური განწყობა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ცალმხრივი პარტნიორობა გაკავშირებთ ? ბოლო დროს არაერთხელ აღნიშნეთ, რომ „პარტნიორები ასე არ საუბრობენ“...

- ჩვენი პარტნიორობა თავისი არსით არისპარტნიორობა საქართველოს მოქალაქეებთან და ის ყოველთვის იყო ორმხრივი პარტნიორობა ხალხთან. ჩვენი 30-წლიანი ურთიერთობის ყოველ ნაბიჯზე, შეერთებული შტატები და საქართველო ურთიერთპატივისცემის, საერთო ღირებულებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მტკიცე რწმენის საფუძველზე მუშაობენ. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი. ისინი წარმოადგენენ მამოძრავებელ ძალას დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში უფრო დიდი თანამშრომლობის უკან.

- რადგან პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, უკრაინის საკითხსაც ვერ ავუვლი გვერდს. „დღეს, როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება“,- განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა. იზიარებთ ამ ნაწილობრივ იმედგაცრუებას?

- საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები უნდა იყვნენ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ეს ხალხი კარგად იცნობს რუსეთს - მათი ისტორიები შეღებილია რუსეთის დარღვეული დაპირებებით, შემოსევებით, ომებითა და ოკუპაციებით. საქართველოსა და უკრაინის ხალხი მტკიცედ არის გაერთიანებული, რაც დავინახეთ ქართველების მხრიდან უკრაინელებისადმი ჰუმანიტარული მხარდაჭერით. რა უთანხმოებაცარ უნდა არსებობდეს პოლიტიკოსებს შორის, უნდა მოგვარდეს მედიის გარეთ, თანაგრძნობისა და იმ კრიზისის გააზრებით, რაც დღეს უკრაინაშია. მხოლოდ რუსეთი სარგებლობს, როდესაც უკრაინას და საქართველოს შორის განხეთქილებაა.

- ამავე კონტექსტში გკითხავთ, საქართველოს მიმართ უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან არაერთხელ გაიჟღერა ბრალდებამ, რომ ის რუსეთს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება? თუ მიგიმართავთ ამ საკითხისთვის ნათელის მოსაფენად კითხვით საქართველოს ხელისუფლების წევრებისთვის და დამაჯერებელი აღმოჩნდა თუ არა თქვენთვის მათგან მიღებული პასუხები ?

- ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს შესაძლო სანქციების თავის არიდების საკითხზე. ჩვენი ქართველი პარტნიორები ჩვენთან ერთად მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციები მოქმედებს. იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ მაქსიმალური ეფექტი და ზეწოლა მოახდინოს კრემლზე, რომ მან შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშაოთ ყველა შესაძლო ხარვეზის აღმოფხვრისთვის.



წყარო: ინტერპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა
ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის)
საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა
გააცნეს.
18:55 / 23.11.2024
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ენმ და კოალიცია ცვლილებებისთვის) საზოგადოებას 24 და 25 ნოემბერთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა გააცნეს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური
პარტია პარლამენტში არ შევა.
15:39 / 23.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს
პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ
დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
13:16 / 23.11.2024
რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.