სამი მოსაზრება გაუქმებულ გამოცდებზე
80-დან 100 ლარამდე ყოველთვიური დანაზოგი - ეს თათია ხუციშვილის ოჯახისთვის საატესტატო გამოცდების გაუქმების შედეგია. ამას ემატება ტრანსპორტის გადანახული ხარჯი და სოფელ ანდეზიტიდან ბორჯომამდე და უკან, მგზავრობაზე დახარჯული საათები.
თათია 17 წლის არის, მეთორმეტე კლასშია და სტუდენტობისთვის ემზადება. კერძო რეპეტიტორებთან სიარულს აგრძელებს, მაგრამ ისტორიის მასწავლებელს დაემშვიდობა. განათლების სისტემაში, კერძოდ კი საატესტატო გამოცდების გაუქმება ახარებს. ამბობს, რომ ეს ეროვნულ გამოცდებზე კონცენტრირების საშუალებას მისცემს.

„უკვე ვიცი რომ ატესტატი მაქვს და უკვე პირდაპირ მეძლევა შესაძლებლობა ჩავაბარო უმაღლეს სასწავლებელში, ანუ ბედი ვცადო ეროვნულ გამოცდებზე. მითუმეტეს რომ ახლა ორიენტირებული ვარ სწორედ მასზე რადგან ახლა უფრო მეტი დრო მაქვს მისთვის, მოსამზადებლად. ასე რომ, აღარ მიწევს იმაზე ფიქრი და დარდი, რომ სასკოლო გამოცდაში არ ჩავიჭრა, ატესტატი ვერ ავიღო და ა.შ. ამას რომ თავი დავანებოთ, ყველაზე დიდი პლიუსი ისაა, რომ აღარ მიწევს სააატესტატო საგნებში რეპეტიტორებთან სიარული, რაც ძალიან რთულია დროის სიმცირის და ფინანსური ხარჯის გამო“, - ამბობს თათია ხუციშვილი. 



თათია შიშობს, რომ ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი შედეგიც ექნება: მოსწავლე, რომელიც სკოლაში ცოდნას რეპეტიტორის და დამატებითი მომზადების გარეშე ვერ იღებდა, სწავლაზე ხელს აიღებს. გამოცდების შიში იყო ფაქტორი, რომლის გამოც ბავშვები ჩასაბარებელ საგნებში ელემენტარულ ცოდნას ეუფლებოდნენ. თათია ფიქრობს, რომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რაც საჯარო სკოლებში მდგომარეობას გამოასწორებს და განათლების დონეს აამაღლებს.


გიორგი ბერიძემ ატესტატის მისაღებად რვა გამოცდა ჩააბარა. ბორჯომის №4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული უკვე სპეციალობით ჟურნალისტია, 24 წლის არის, მაგისტრატურაზე სწავლობს და ტურისტულ კომპანიაში მუშაობს. საატესტატო გამოცდების გაუქმებას შეცდომად მიიჩნევს, რადგან ახალგაზრდები წიგნებს ჩამოშორდებიან და სწავლისადმი ინტერესს დაკარგავენ.

„მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიტორთან ჩემი მომზადება ოჯახს საკმაოდ დიდი თანხა უჯდებოდა, მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ მე ძალიან ბევრი ახალი უნარ-ჩვევა გამოვიმუშავე. გამოცდები იყო ის "იარაღი", რამაც ახალგაზრდები წიგნთან, შეძლებისდაგვარად, დააკავშირა. მოგეხსენებათ, ციფრულ სამყაროში წიგნის ადგილი თითქმის აღარ დარჩა, სამწუხაროდ. ჩემთვის, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, სრულიად მიუღებელია გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრალიზებულ სისტემად ჩამოყალიბება. მე ვფიქრობ, რომ განათლების სისტემის რეფორმირება ისე უნდა მოხდეს, რომ სკოლამ შეძლოს და უზრუნველყოს მოსწავლის ზოგადი განათლების დონის აწევა“, - ამბობს გიორგი ბერიძე.




გიორგი ფიქრობს, რომ რეფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ ქვეყნის მომავალია დამოკიდებული, საჯარო განხილვების საკითხად უნდა იქცეს.

მისი თანატოლი გიორგი გამოცდებს ასევე ცოდნის შემოწმების საშუალებად მიიჩნევს. გიორგი (ჯორჯ) ჩაჩანიძე წარმოშობით ბორჯომელია, მაგრამ დაიბადა და გაიზარდა ინგლისში. გამოცდები პირველად 11 წლის ასაკში ჩააბარა, იმისთვის, რომ სწავლა სკოლის შემდეგ ეტაპზე გაეგრძელებინა. 11 კლასის დასრულების შემდეგ გამოცდების ჩაბარება კვლავ მოუხდა, ამჯერად ორწლიან კოლეჯში რომ მიეღოთ.


„კოლეჯის დასრულების შემდეგ სავალდებულოა, ასევე, იმ გამოცდების ჩაბარება, რომელიც ახალგაზრდებს, უმაღლესი სასწავლებლის კარს გაუღებს. უნივერსიტეტი 4 წლიანია და აქ მოსახვედრად თითოეული გამოცდის წარმატებით ჩაბარებაა აუცილებელი.“




გიორგიმ წარმატების გზაზე ყველა გამოცდა ჩააბარა და ახლა ლონდონის ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში მუშაობს. ქართულ განათლების სისტემასთან პარალელის გავლება უჭირს, თუმცა ფიქრობს, რომ მაღალ დონის ბრიტანული განათლების სისტემაში გამოცდებს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

გამოცდების მოხსნით კი საქართველოში განათლების სისტემის რეფორმის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის კონცეფცია გზადაგზა მუშავდება და ჯერ დაზუსტებით არავინ არაფერი იცის. 11 თებერვალს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთი შესაძლო ცვლილება დააანონსა. ირინა აბულაძის თქმით, 2023-2024 სასწავლო წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად კომბინირებული გამოცდა ჩატარდება, რაც საგნის და უნარების კომბინაციას გულისხმობს. ცვლილებები შეეხება უმაღლესში მიღების წესსაც, სადაც შესაძლოა, კანდიდატის სამოტივაციო წერილი და სხვა აქტივობები განიხილონ. განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ამას შორეულ პერსპექტივას და დასავლურ სისტემას უწოდებენ. დღეს კი გვაქვს სკოლა, რომელიც მოსწავლეებს რეპეტიტორების დახმარების გარეშე მოსწავლეებს ცოდნას ვერ აძლევს და მოხსნილი გამოცდები, რის შედეგადაც სკოლის დამთავრების პრობლემა აღარ ექნება არავის, მცოდნეს, თუ უცოდინარს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„საბჭოთა კავშირის დაშლის
შემდეგ რაც გზები გაიხსნა, მას შემდეგ დავიწყე პროდუქციის ექსპორტი
ევროპაში.
16:30 / 31.10.2024
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რაც გზები გაიხსნა, მას შემდეგ დავიწყე პროდუქციის ექსპორტი ევროპაში.
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის
ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და
ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
14:39 / 16.10.2024
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა
დატოვა.
11:00 / 28.09.2024
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
Galt&Taggart-ის განათლების
სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
10:08 / 22.09.2024
Galt&Taggart-ის განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.