"საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიება განიხილება" - ვიცე-პრემიერი
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა
ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების
წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების
სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის
საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები
განიხილეს.
ამასთან, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ
ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.
ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან
ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით
მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია
უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების
შემცირება. მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად,
აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების
შემცირებასთან დაკავშირებით.