მაფრთხილებენ, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს — აშშ-ის ახალი ელჩი ქართულ სამზარეულოზე
ამერიკის შეერთებული შტატების
ახალმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცის დადებისას ქართულ
სამზარეულოზე
გაამახვილა ყურადღება. დეგნანმა აღნიშნა, რომ ამერიკაში საქართველოს
ელჩის, დავით ბაქრაძის ოჯახს ეწვია სტუმრად და საყოველთაოდ ცნობილ
ქართულ სტუმართმოყვარეობაზე უფრო მეტი გაიგო.
"მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების
მიქცევა მომიწევს", — იხუმრა მან.
დეგნამმა თავის სიტყვაში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავების
მნიშვნელობაზე, ქართული და ამერიკული იდეალების თანხვედრასა და რუსულ
ოკუპაციაზე ისაუბრა.
"ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს
თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც
იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად — ეს რთულად მოპოვებული
დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება", —
აღნიშნა მან.
დეგნანმა ფიცი დღეს, 17 იანვარს დადო. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის
ჩამოვა დეგნანი საქართველოში.
ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა, მას
შემდეგ, უკვე წელიწადზე მეტია აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავდა და
მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებდა.
დეგნანის კანდიდატურა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრეს
2019 წლის სექტემბერში წარუდგინა. დეკემბერში კი სენატმა ის ელჩად
დანიშნა.
კელი დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების
სარდლის პოლიტიკური მრჩეველი იყო. მანამდე ის კოსოვოსა და იტალიაში
აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე,
ნატოში აშშ-ს წარმომადგელობაში იყო პოლიტიკური მრჩეველი და თურქეთში
აშშ-ს საელჩოში პოლიტიკური მრჩეველის მოადგილე
წყარო: ონ. ჯი