ბორჯომში ქრთამის აღების ფაქტზე რეინჯერი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ
დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ჩ-მ საქართველოს მოქალაქეს
ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი
ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ
ნაწილად გამოართვა 3500 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9 წლამდე).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტო.