ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით
ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში
ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული
ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია
საპროექტო სამუშაოები და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება სამშენებლო
ტენდერი.
ფარავნის ტბის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ითვალისწინებს
მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის, ფარავნის ტბის ჯებირისა და
მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე დაგეგმილია
წმინდა ნინოს დედათა მონასტრიდან ფარავნის ტბის სამხრეთ სანაპირომდე
საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ასევე გათვალისწინებულია კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლთან - წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული
ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მონასტერთან
მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მონასტრის შესასვლელთან ავტოსადგომის
და ტურისტული ობიექტების მოწყობა, ვიზიტორთა ცენტრის, სადეგუსტაციო
ოთახის, სამზარეულოს, საეკლესიო ნივთებისა და სანთლების მაღაზიის
მშენებლობა. სამუშაოები ასევე მოიცავს რეგიონისთვის სახასიათო
არქიტექტურის ნიმუშის - გვირგვინით გადახურული დარბაზული სახლის
აღდგენას, ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური
საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და მონასტრის
ტერიტორიის კეთილმოწყობას.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფარავნის ტბის ნაპირის მოწყობა და წმინდა
ნინოს ტაძართან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაეხმარება და
გაზრდის ტურისტულ პოტენციალს რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის
განვითარებისთვის.