დღეიდან გარკვეული კატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა
მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში
2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და
ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს.
შესაბამისად, იმ პირს, ვისაც ამ დროის განმავლობაში აღნიშნული
კატეგორიების მართვის მოწმობა არ გაუახლებია, დღეიდან შესაბამისი
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღარ აქვს.
მოქალაქეებს, რომლებმაც 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, CE, D და DE
კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოახერხეს,
2019 წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობის განახლება მომსახურების
სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში, კანონით დადგენილი
პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვეულებრივ შეეძლებათ.
მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს
ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს:
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
არსებული მართვის მოწმობა.
აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია,
ხოლო დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში - 35 ლარი.
დღეიდან მომსახურების სააგენტო წყვეტს მუშაობის სპეციალურ რეჟიმს და
სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის შეცვლა
სტანდარტულ სამუშაო საათებში განხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს
ცხელ ხაზზე - 032 2 41 91 91, ონლაინ ჩატში ან სააგენტოს
"ფეისბუქ"-გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესაბამისად, 2014
წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით,
კერძოდ: „A“, „B“, „BE“, T, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების და
ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო „C“,
„CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების და
ქვეკატეგორიების მართვის მოწმობების ვადა განისაზღვრა 5 წლით.