ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე მეწყერი ჩამოწვა - საქართველოს რკინიგზა
ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე, გამთენიისას მეწყერი
ჩამოწვა. ინფორმაციაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
"მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის
მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების გამო, ბორჯომიდან 07:15-ზე
გასულმა ,,კუკუშკამ" მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო.
მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის
გამომწვევი მიზეზი წყლის მილი გახდა, რომელმაც წყალი ვერ გაატარა და
ნიადაგი ფერდობზე ჩამოიშალა. ლიანდაგი მეწყრული მასით არის დაფარული.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა კი რამდენიმე დღეში,
სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება." -ნათქვამია
განცხადებაში
საქართველოს რკინიგზა შეფერხების გამო, მგზავრებს ბოდიშს უხდის.