საქართველოს საბერძნეთის შს მინისტრი პირველად ეწვია
საქართველოსა და საბერძნეთის შს მინისტრებმა დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, საბერძნეთის
რესპუბლიკის შს მინიტრი ნიკოლაოს ტოსკასი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ბერძენ კოლეგას საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი
შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხელი მოაწერეს "საქართველოს
მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას.
საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეებს შორის ორგანიზებული
დანაშაულის, ტერორიზმის, ნარკოტიკული საშუალებებითა და ცეცხლსასროლი
იარაღით უკანონო ვაჭრობის, ტრეფიკინგის, ადამიანის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მძიმე
დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროში
თანამშრომლობას.
როგორც მხარეებმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ აღნიშნეს, დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვნად
შეუწყობს ხელს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის
სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო
გაღრმავებას.
პირისპირ შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხაზი
გაუსვეს პოლიციის ატაშეებისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების
მნიშვნელობას, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს
და სამომავლო გეგმები დასახეს.
საქართველოს შს მინისტრმა ბერძენ კოლეგას ევროკავშირთან სავიზო
რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საბერძნეთის რესპუბლიკის მიერ
გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა