საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალ პროცედურას იწყებს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე
თქვა, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის
იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციური წარდგინებას
მოამზადებს.
პაპუაშვილის თქმით, ის საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო
არჩევნებამდე წარედგინება. როგორც პარლამენტის სპიკერმა თქვა,
კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, „ახალი მოწვევის
პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ ასი
ხმით, იმპიჩმენტის წესით, თანამდებობიდან გადააყენებს“.
პაპუაშვილმა იმპიჩმენტის ახალი პროცედურის დაწყების მიზეზად
ზურაბიშვილის ევროპის ქვეყნებში ვიზიტები დაასახელა. „ზურაბიშვილმა
კონსტიტუციის უხეში დარღვევა განაგრძო, ის მთავრობის თანხმობის
გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში,
პოლონეთსა და ბელგიაში“, - თქვა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზურაბიშვილის გადაყენებას
სიმბოლური ხასიათი ექნება.
„სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების
ვადა, შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე
ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა, მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს.
აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას,
უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა,
თუმცა ძალზედ პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და
პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის
განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ.
კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი
პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც როგორც
პრეცედენტი შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მომავალში თვითნებობის
თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“,
- თქვა შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ
ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება
სასამართლოში 2023 წლის 14 სექტემბერს შევიდა.