ორბელიანების სასახლეში „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ შეხვედრა 18:00 საათამდე გადაიდო
ორბელიანების სასახლეში 15:00 საათზე
დანიშნული ორი ოპოზიციური პარტიის შეხვედრა გიორგი გახარიას
ინიციატივით, 18:00 საათამდე გადაიდო. პარტია „გახარია
საქართველოსთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ ითვალისწინებს მამუკა
ხაზარაძის თხოვნას და ამიტომ ორბელიანების სასახლეში შეხვედრა
რამდენიმე საათით გადაიდება. ხაზარაძემ კი მასთან პირისპირ შეხვედრის
სურვილი გამოთქვა.
„ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე ქალბატონ
პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე
საათით გადადება“, - დაწერა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე
გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ „თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ
გადაიდება“.
პარტიებს „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 17 სექტემბერს ადმინისტრაციაში
შეხვედრა შესთავაზა. ზურაბიშვილმა მათ 26 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების წინ ერთ საარჩევნო სუბიექტად გაერთიანებისკენ მოუწოდა.
პარტიებმა მიიღეს პრეზიდენტის წინადადება შეხვედრის შესახებ.
მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის გამართვამდე,
გიორგი გახარიასთან მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა „ძლიერი
საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
„გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის ("ძლიერი საქართველოს" და
"გახარია საქართველოსთვის") ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ესოდენ
მნიშვნელოვან მომენტში შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც
ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას
მისცემს.
ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ
პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და
უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც
არავინ დაუვიწყებს მათ“, - თქვა პრეზიდენტმა 16 სექტემბერს.
მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში 2019 წელს წავიდა, როცა პროკურატურაში მის
წინააღმდეგ საქმე აღიძრა ე.წ. ფულის გათეთრებაზე. ხაზარაძე ამბობდა,
რომ გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე
მუშაობის დროს, 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე
ტურის წინ მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. ხაზარაძე
ამტკიცებდა, რომ მისგან მოითხოვდნენ საჯაროდ დაეგმო „ნაციონალური
მოძრაობა“ და ელაპარაკა როგორ ექცეოდა ეს პარტია ბიზნესს
ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გახარია წერილის გაგზავნის ფაქტს
უარყოფს.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს იმართება.
იმისთვის, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს, პარტიების
ნაწილმა ერთიანი სიით მონაწილეობა გადაწყვიტა. ამ საკითხზე
მოლაპარაკებები გაიმართა „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ შორისაც,
თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერ შედგა.