ახალი ამბები
ახალდაბის მედიაკაფეში ბორჯომელი ახალგაზრდა გოგონებისთვის სამოქალაქო აქტივიზმის საზაფხულო სკოლა-ბანაკი გაიმართა
ახალდაბაში, მედიაკაფე
“ლუტრეზი”- ში, „ქალთა/გოგონათა სამოქალაქო აქტივიზმის საზაფხულო
სკოლა“ ამოქმედდა, სადაც ბორჯომის სხვადასხვა სოფელში (დვირი,
ქვაბისხევი, ციხისჯვარი, ახალდაბა) მცხოვრები გოგონებისთვის ორი
ოთხდღიანი ბანაკი გაიმართა.
სკოლა-ბანაკის ძირითადი მიზანი არის სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა
მოზარდი გოგონების ცნობიერების ამაღლება ქალთა ლიდერობაზე, გენდერულ
თანასწორობასა და სამოქალაქო აქტივიზმზე, ადგილობრივ დონეზე
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობაზე; რომ მათ თავად შეძლონ
თემის საჭიროებების კვლევა, ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე
არსებული პრობლემების დაყენება, აქტუალიზაცია და ადვოკატირება
პროექტს ახორციელებს „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის
განვითარების ინსტიტუტი“, ახალდაბის მედიაკაფესთან ერთად, „ფონდი
ტასო“-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბორჯომის ადგილობრივ
თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
„დაგეგმილი გვაქვს, წარმოვაჩინოთ, რა პრობლემები აქვთ
ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდა გოგონებს და
ქალბატონებს და შევიმუშაოთ რეკომენდაცია ადგილობრივი
თვითმმართველობისთვის, კონკრეტულად, რა კუთხით უნდა გაღრმავდეს
მუშაობა და თანამშრომლობა მათთან“ - განაცხადა პროექტის
დირექტორმა, მედიაკაფე „ლუტრეზი“-ს დამფუძნებელმა, ნატო გუბელაძემ
სკოლა-ბანაკის პირველი ეტაპის ტრენინგებზე ახალგაზრდებმა უკვე მიიღეს
ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა: სათემო პრობლემების
იდენტიფიცირება და ადვოკატირება; ქალთა პოლიტიკური და შრომითი
უფლებები, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება. საქართველოს საარჩევნო
სისტემის სიახლეები და გენდერული ასპექტები; როგორ გავხდეთ
ინფორმირებული ამომრჩეველი. როგორ გავხდეთ აქტიური მოქალაქეები და
როგორ ჩავერთოთ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
პირველი ეტაპის ტრენინგებს წარმართავდნენ მოწვეული ექსპერტები:
ჟურნალისტი მარიკა ვაჭარაძე და იურისტი პაატა ცნობილაძე.
სკოლა-ბანაკის პირველი ეტაპის შემდეგ ახალგაზრდა აქტივისტი გოგონები
თავთავიანთ სოფლებში დაბრუნებისთანავე გახდენენ ჩვენი ბლოგერები.მათ
ორგანიზება გაუწიეს თავიანთ სოფლებში მცირე ანკეტური
გამოკითხვების/კვლევების ჩატარებას ქალთა საკითხებზე, მათ პრობლემებსა
თუ საჭიროებებზე. ასევე წარმოაჩინეს მინიმუმ ერთი სათემო პრობლემა.
რათა შემდგომ მოხდეს შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან და ამ პრობლემათა გადაჭრის გზების დაგეგმვა.
ბანაკის მეორე ეტაპი კი მთლიანად დაეთმო გენდერულ თემატიკას:
გენდერული თანასწორობა და სამოქალაქო აქტივიზმი, ფემინიზმი, ქალები და
ლიდერობა, გედერული ბიუჯეტი, გენდერული საკონსულტაციო საბჭო, ოჯახში
ძალადობა ფორმები და პრევენცია.
ტრენინგებს წარმართავდა მოწვეული ექსპერტი, გენდერის სპეციალისტი,
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ნატო ქათამაძე.
ტრენერმა საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრა გენდერისა და და სქესის
განსხვავებულობაზე, ფემინისტური მოძრაობის სწორ ინტერპრეტაციაზე, რომ
ის არის ქალთა პრობლემის გამოკვეთის და შემდგომ მამაკაცის უფლებებთან
გათანაბრების მექანიზმი და არა - კაცთმოძულეობა, როგორ ამაზე ხშირად
აპელირებენ, ხოლმე.
საუბარი იყო ლიდერი ქალი და ლიდერი მამაკაცის მსგავსება/
განსხვავებულობაზე. ასევე - მუნიციპალიტეტებში შექმნილი გენდერული
საკონსულტაციო საბჭოების როლსა და მნიშვნელობაზე. განხილული იყო
ბიუჯეტის გენდერულად მგრძნობელობის საკითხები, ოჯახში ძალადობს
ფორმები და ის პრევენციული ღონისძიებები, რაც შეამცირებს ან
მინიმუმადე დაიყვანს ქალთა მიმართ ძალადობას.
ბანაკის მსვლელობისას საინტერესო იყო ასევე იმ კვლევის ანალიზის
გაკეთება, ტრენერთან ერთად, რაც თავად ახალგაზრდა გოგონებმა თავიანთ
სოფლებში ჩაატარეს ქალთა და თემის პრობლემების გამოსაკვეთად და საერთო
სურათის წარმოსაჩენად. კვლევებმა აჩვენა, თუ რა სერიოზული პრობლემების
წინაშე დგანან სოფლად მცხოვრები ქალები გენდერული კუთხით და თუ როგორი
სტერეოტიპებისა და მანკიერი გადმონაშთების წინააღმდეგ უწევთ
ბრძოლა,რომელიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ ღრმადაა ფეხმოკიდებული.
პროექტის ხელმძღვანელმა, ნატო გუბელაძემ გაგვაცნო ასევე ის დაგეგმილი
აქტივობები, რაც სექტემბერ-ოქტომბერში უნდა განახორციელონ პროექტის
მონაწილეებმა: - პროექტის ფარგლებში გამოცხადებული გვაქვს საუკეთესო
ბლოგის/ვიდეობლოგის კონკურსი „ქალის ცხოვრება მთაში“. კონკურსს
შევაჯამებთ პროექტის ბოლოს, სადაც თითოეული სამიზნე სოფლიდან ორ ორ
გამარჯვებულს გამოვავლენთ და დიპლომებითა და სამახსოვრო პრიზებით
დავაჯილდოვებთ. ეს სტატიები თუ ბლოგები გამოქვეყნდება
ინტერნეტგამოცემაში www.borjominews.ge
„ქალთა/გოგონათა სამოქალაქო აქტივიზმის სკოლის“ მონაწილეებისათვის,
გამოცდილების გაზიარების კუთხით, დაგეგმილი გვაქვს ასევე გასვლა
ქუთაისში, შეხვედრა ადგილობრივ აქტივისტ გოგონებთან და სამოქალაქო
თეატრის სპექტაკლზე დასწრება.
პროექტის დასასრულს ჩვენი „ქალთა სამოქალაქო აქტივიზმის სკოლის“ მიერ
დატრენინგებულ ლიდერ გოგონებზე დაყრდნობით შევქმნით ერთიან ქსელს
„ქალთა სამოქალაქო სერპანტინი (მიხვეულ-მოხვეული, დაკლაკნილი გზა
მთაში)“. ამ ქალთა ქსელის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს წარვუდგენთ
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს.
ამავე დროს, პროექტის წარმატებულ საქმიანობასთან დაკავშირებით
მომზადდება სპეციალური საგაზეთო ჩანართი გაზეთ „ბორჯომიnews”-ში,
რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში უფასოდ ვრცელდება.
გემრიელი სიურპრიზი
სკოლა-ბანაკის მონაწილეებს განსაკუთრებული სურპრიზი მოგვიმზადეს “IDS
ბორჯომი საქართველო”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა: მათ
ყველა მონაწილესა და მოწვეულ ტრენერებს საჩუქრად გამოგვიგზავნეს
ბორჯომის ლიმონათები, თავისი ულამაზესი ჩანთებით. ახალგაზრდებმა
მოულოდნელი სურპრიზით ძალიან გაიხარეს და მადლობის ნიშნად სახალისო
სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
(R)
მარიკა ყაულაშვილი
პროექტის კოორდინატორი, ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგი
გააზიარეთ :