პრეზიდენტი პრემიერისგან უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა რუსეთში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა
დღეს, 24 ივნისს.
მან სხვადასხვა სახელმწიფო უწყება
მწვავედ გააკრიტიკა და პრემიერმინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის
დაუყოვნებლივ მოწვევა მოსთხოვა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიღება მხოლოდ
თავდაცვის ძალებიდან შეძლო.
„გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის,
გენერალ-მაიორ მათიაშვილის მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში
განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ვერ მივიღე ინფორმაცია
ვერც ერთი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან, ვერც შს
მინისტრისგან, რომელსაც ევალება საზღვრის კონტროლი და როგორც
უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ
მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს.
ინფორმაცია ვერ მივიღე ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ხელმძღვანელისგან, რომლის სამსახურის ფუქნცია, კანონის თანახმად,
ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვაა. ვერც დაზვერვის დაზვერვის
სამსახურისგან, ვისაც კანონით ევალება საგარეო საფრთხეებისა და
რისკების განსაზღვრა, ასევე ქვეყნის თანამდებობის პირების აუცილბელი
სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა.
არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც ამ
მდგომარეობაში საგანგაშოა მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება
მიმდინარე მოვლენების მიმართ მობილიზებულია“, — აღნიშნა
სალომე ზურაბიშვილმა.
ამის შემდეგ მან პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ
მიმართა:
"ამიტომ, იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო
პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო.
მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს
განხილული და დრო აღარ ითმენს. ერთია საზღვრის კონტროლის გამკაცრება
და სავიზო რეჟიმის გადახედვა. მეორეა სანქცირებული პირების სიების
კონტროლი საზღვარზე და ასეთი სიები ჩვენს პარტნიორებს აქვთ.
ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამეთუ საზოგადოებამ დროულად
და დეტალურად უნდა მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს
იღებს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად.
ეს მნიშვნელოვანია, რომ არ შეიქმნას უსაფუძვლო შიშები. ასევე
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტებს არ უნდა მივცეთ საშუალება,
მოსახლეობაში უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა
და არ შეიცვლება. საქართელო ძალის გამოყენებით ტერიტორიების
დაბრუნებას არ აპირებს. ასევე მნიშვნელოვანია გაგრძელდეს
პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა“, — განაცხადა
პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 23 ივნისის საღამოს, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის
დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა
ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად
სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის
მარში“ უწოდა.
24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი.
მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე
სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ
გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო
მოქმედებები“.
ევგენი პრიგოჟნმა ტელეგრამ-არხზე დაწერა რომ კერძო სამხერდო კომპანია
"ვაგნერის" დაქირავებული მეგრძოლები მოსკოვის ოქლისკენ
მიიწევენ.