ახალი ამბები
პრეზიდენტის ვეტოდადებულ "მოსმენების კანონს" ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა
ე.წ. მოსმენების კანონს, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ არც პრეზიდენტის ვეტოში და არც ვენეციის კომისიის დასკვნაში საუბარი არ არის სამართლებრივ პრობლემებზე.

„დღეს ხელი მოვაწერე კანონს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც იცით, პრეზიდენტმა ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოიყენა ვეტო, რომელსაც მან პოლიტიკური ვეტო უწოდა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ მას არ ჰქონდა ამ კანონის მიმართ სამართლებრივი შენიშვნები, თუმცა, მისი მიღება პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიაჩნდა, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან ესმოდა კრიტიკა ამ კანონის განხილვის პროცესის ტემპის და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მიმართა ვენეციის კომისიას, რათა მას მიეწოდებინა საკუთარი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. 26 აგვისტოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მისი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო.

ახლა კი შევხედოთ ფაქტებს: ცვლილების პროექტი ინიცირებული იყო 2022 წლის 13 აპრილს. ინიციატორებს არ მოუთხოვიათ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, შესაბამისად, მისი განხილვა მიმდინარეობდა სტანდარტული წესით. უფრო მეტიც, პროექტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის და ჩვენი პარტნიორების თხოვნით, განხილვის პროცესი სამი კვირით გახანგრძლივდა.

საბოლოოდ, პარლამენტმა კანონი ინიცირებიდან 2 თვეში, ხოლო ვეტოს დაძლევის გათვალისწინებით, 5 თვეში მიიღო, რაც ყველაფერია, გარდა სიჩქარისა. კანონპროექტის განხილვაში, როგორც თავდაპირველ პროცესში, ისე ვეტოს დაძლევის ეტაპზე ჩართული იყო ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყება, ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა დაინტერესებული საერთაშორისო აქტორი. პროექტი განიხილებოდა არა მხოლოდ საკომიტეტო ფორმატში, არამედ სამუშაო შეხვედრებზეც. მათ შორის, ევროკავშირის ექსპერტებთან ონლაინ კონფერენციის რეჟიმში. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა და საკმარისი დრო, წარმოედგინა შინაარსობრივი შენიშვნები ამ პროექტის რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო უფლებრივ სტანდარტთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

არ არსებობს დაინტერესებული ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ მას ჰქონდა განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი და ამის შესაძლებლობა არ მიეცა, რაც ყველაფერია, გარდა არაინკლუზიურობისა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის ინიცირებიდან 5 თვის თავზეც კი არ არის წარმოდგენილი რაიმე შინაარსობრივი შენიშვნა, რომელიც, თუნდაც, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ამ კანონის შესაბამისობას რომელიმე უფლებრივ სტანდარტთან. პირიქით, ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებთან თუ საერთაშორისო აქტორებთან მსჯელობის პროცესში დადასტურდა, რომ აღნიშნული კანონი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ვეტოს განხილვის პროცესმაც დაადასტურა, რომ რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე რომელ უფლებრივ სტანდარტს არღვევს მოცემული კანონი, პასუხი არ არსებობდა. საბოლოოდ, ერთადერთი მოსაზრება, რაც გვესმის, ეხება კანონის მიღების მიზანშეწონილობას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ხელისუფლების განმახორციელებელი უმაღლესი ორგანო, რომელიც, ამავე დროს, განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის, ეს პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულება ეხება საგამოძიებო მოქმედების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საკითხს. შესაბამისად, ამა თუ იმ კანონის მიღების მიზანშეწონილობის საკითხი სრულად წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას. პარლამენტმა, საბოლოო ჯამში, ხუთი თვე იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და 6 სექტემბერს საბოლოოდ დაადასტურა მისი გადაწყვეტილება, მათ შორის, კანონის მიღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამიტომ, არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას და აქედან გამომდინარე, ამ კანონს ხელი მოვაწერე“,
- განაცხადა პაპუაშვილმა.


კანონპროექტი, რომელსაც საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებდნენ, საქართველოს პარლამენტმა 7 ივნისს მიიღო. 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად გამოიყენა ვეტო და ის ე.წ. მოსმენების კანონის ახალ რედაქციას დაადო. მან ამ კანონთან დაკავშირებით გადაუდებელის დასკვნისთვის ვენეციის კომისიას 1 ივლისს მიმართა.

ვენეციის კომისიის დასკვნა ევროპის საბჭოს ვებგვერდზე 26 აგვისტოს გამოქვეყნდაა. კომისიის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ფარული საგამოძიებო მოქმედების - პროცედურის შეცვლის შესახებ ნაჩქარევადაა მიღებული და გადახედვას საჭიროებს.

დასკვნის გაცნობის შემდეგ, 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და პარლამენტის პირველსავე საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს საშუალებას აძლევს მოუსმინოს უფრო მეტ მოქალაქეს უფრო მარტივად.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე
და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ.
15:20 / 25.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ, 26
ნოემბერს გახდება ცნობილი.
14:23 / 25.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი.
საქართველოს მე-11 მოწვევის
პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი
პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ
13:43 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ აირჩიეს პაპუაშვილის სამი მოადგილეც: გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ
სხდომაზე ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა.
12:43 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე
წევრი უფლებამოსილება ცნო.
12:02 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.