ახალი ამბები
ბორჯომის ტყის „ფერისცვალება“
ორი ხანძარი ბორჯომის ტყეში, ერთმანეთის მიყოლებით და 14 დღიანი ბრძოლა ცეცხლის ჩასაქრობად. ბორჯომის ტყისთვის წელს რთული ფერისცვალება დადგა. მწვანედ მოხასხასე ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე ცეცხლის ალში მოექცა და ხანძარი ერთი მთიდან მეორეზე ჩნდებოდა. ტყის ხანძრებმა დააზარალა ფლორა და ფაუნა. ორკვირიანი ბრძოლა ცეცხლთან დასრულებულია.








ხანძრის 12 დღე



ცეცხლი პირველად, 19 აგვისტოს, 19:00 საათის შემდეგ შენიშნეს ადგილობრივებმა, ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარე ტყეში. მაშინვე 112-ს შეატყობინეს და სწორედ ამ დღიდან დაიწყო მეხანძრე-მაშველების ბრძოლა ხანძართან.

რთული რელიეფის გამო, ტექნიკის ადგილამდე მიყვანა გართულდა. ადგილობრივები პროცესში ავიაციის ჩართვას პირველივე დღიდანვე ითხოვდნენ, თუმცა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ბორჯომის ცაზე, ხანძრის მესამე დღეს, 21 აგვისტოს დილიდან გამოჩნდა, რა დროსაც ცეცხლის მასშტაბი შედარებით გაზრდილი იყო. ამ დღიდან, ცეცხლმა გავრცელება ტყის მასივზე დაიწყო. მოგვიანებით, მოხდა რესურსის დამატება და ჯამში, 4-მა ვერტმფრენმა და 1000-ზე მეტმა ადამიანმა იმუშავა სტიქიის ზონაში.











თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ რეაგირება თავიდანვე იყო დაგვიანებული. მათი თქმით, ავიაციის ჩართვა უნდა მომხდარიყო პირველივე დღიდან.

„უყურადღებობის ბრალია ყველაფერი. ეხლა რომ მთელი ქვეყანა შეიძრა და მოდიან დასახმარებლად, მანამდეც ხომ შეიძლებოდა დროული რეაგირება მომხდარიყო. ჯერ ისე დანგრეული იყო ეს სოფელი, ცალკე მეწყერის გვეშინია და ახლა ეს ხანძარი დაგვემატა. შვილიშვილები სხვა სოფელში გავაგზავნე. ერთ-ერთს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და კვამლში ყოფნა არ შეუძლია“ - გვეუბნება მზია გოგოლაძე.

დაგვიანებულ რეაგირებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის საპასუხოდ, განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, „დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბარი ზედმეტია. როგორც კი ცეცხლის პირველი კერა იქნა შემჩნეული, მაშინვე იქნა შესაბამისი სამსახურები ჩართული. ჩვენ ვერ დავაზღვევთ ცეცხლის გავრცელებას თუ ძლიერი ქარია”.

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, ხანძრის მეოთხე დღეს განაცხადა, რომ ხანძარი დაახლოებით 150 ჰექტარზეა გავრცელებული. ეს არის წინასწარი მონაცემები. ფართობის შესახებ, დამატებით კომენტარი შემდგომში აღარავის გაუკეთებია. მოსახლეობა კი ეჭვობს, რომ ხანძარი ტყის უფრო მეტ მასივს მოედო, რადგან ხანძრის მეხუთე დღეს, გვიან ღამით, ცეცხლი ბორჯომის შემდეგ, ახალციხის სოფლების ტყისკენ გავრცელდა. რამდენიმე მთაზე, ერთდროულად იყო ცეცხლი გაჩენილი. მოიმატა დაკვამლიანებამ და მოსახლეობაში შიშმა.




„გვიან საღამოს გაძლიერდა ხანძარი, ჩვენი სოფლიდან ნათლად ჩანდა, 10 მეტრიანი ალი ავარდა, დაკვამლიანებამ იმატა. საფრთხე არის რა თქმა უნდა, ახალციხე სულ ჭვარტლშია გახვეული“ - გვეუბნება აწყურის მკვიდრი ანზორ ბარძიმაძე.






მას შემდეგ, რაც ცეცხლმა მეზობელი მუნიციპალიტეტისკენ დაიწყო გავრცელება, ხანძრის ქრობის პროცესში მეზობელი ქვეყნის ავიაცია ჩაერთო. ბორჯომის და ახალციხის ცაზე, მეორე დღეს დილიდან გამოჩნდნენ თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული 8 ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავები.




ადგილობრივი მოსახლეობის დასამშვიდებლად, მომდევნო დღეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა. "გახსოვთ ალბათ , ბორჯომის ხანძარი (2017 წელს), მთლიანად იწვოდა ყველაფერი. აქ არ არის ასე. პატარ-პატარა კერებია. მესმის, ტერიტორია დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია" - თქვა გომელაურმა.

ასე ერთობრლივი ძალებით, მეხანძრე-მაშველები, ტყის მცველები, ჯარისკაცები, რეზერვისტები, მოხალისეები, ქართულ და თურქულ ავიაციასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში ებრძოდნენ ცეცლის გავრცელებას. 12 დღიანი ბრძოლის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის ლიკვიდაცია ოფიციალურად გამოაცხადა, თუმცა, ცოცხალმა ძალამ დასვენება ვერც კი მოასწრო, რადგან, იმ დღიდან, ახალი კერა გაჩნდა, ისევ ბორჯომში, თუმცა ამჯერად სრულიად სხვა ტერიტორიაზე.












ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში



ცეცხლი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, წიწვოვან მთაზე, საკმაოდ მიუვალ ადგილზე გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში მალევე ჩაერთო ცოცხალი ძალა და ავიაცია.





სალოკალიზაციო სამუშაოებში ორი დღის განმავლობაში მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რეინჯერები, ტყის მცველები, ჯარისკაცები და მოხალისეები. ადგილობრივები, საკუთარი ტრანსპორტით ეხმარებოდნენ სტიქიის ზონაში მებრძოლებს, ხანძრის კერებამდე გადაადგილებაში.


„ცეცხლის კერამდე ვერ, თუმცა ახლო ტერიტორიამდე მიგვყავს, რომ ცოცხალმა ძალამ დროულად მოახერხოს რეაგირება. დროში მცირდება პროცესი. ამ ადამიანებმა ეს გზა ფეხით რომ გაიარონ, იქამდე დაღლილები მივლენ და მერე ვეღარაფერს გააკეთებენ. ჩვენ კი მიგვყავს და მოგვყავს უკან, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი ხანძრის ქრობა“ - ამბობს მძღოლი გიორგი კოკუაშვილი.




„ეს ტყე ეროვნულ პარკს ეკუთვნის, ტურისტებით არის სავსე და ხელშეუხებელი ადგილი არის. ამნაირი ხე-ტყე არსადაა ბორჯომში. ვერ გეტყვით რისგან გაჩნდა ცეცხლი, არ ვიცი. მიუვალი ადგილია, წესით იქ, საქეიფოდ არავინ ავიდოდა, გამორიცხულია. მე შემთხვევითობა მგონია, იქაურობა სიცხისგან ისეთი გადამხმარია, ვინმეს სიგარეტიც რომ გადაეგდო, ცეცხლი დაინთებოდა აუცილებლად“ - გვითხრა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გიორგი მიქელაძემ.




ორდღიანი ინტენსიური სამუშაოების შემდეგ, ხანძრის ლიკვიდაცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მესამე დღეს (3 სექტემბერს), ოფიციალურად გამოაცხადა. ხანძრის ქრობის პროცესი ორივე ლოკაცია ასე მიმდინარეობდა.






რა ფართობზე გავრცელდა ხანძარი ორივე ტყეში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვერ გვიზუსტებენ. ამ ეტაპზე უცნობია, ხანძრის გაჩენის მიზეზებიც. ორივე შემთხვევაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სანამ სამართალდამცავი უწყება, ხანძრების გამომწვევ მიზეზებს დაადგენს, იქამდე ვარაუდები ბევრია, როგორც მოსახლეობაში, ასევე ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორში.

ადგილობრივი მოსახლეობა, ხანძრის გამომწვევ რამდენიმე ვერსიას ასახელებს. მაღალი ტემპერატურა, მეხი, დივერსია, მინის ნამსხვრევები, ხალხის დაუდევრობა, უყურადღებობა და ა.შ.

ხანძრის გამომწვევი რამდენიმე ვერსია დაასახელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ მიზეზი შესაძლოა დივერსიაც ყოფილიყო.

"ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა, რომ ხანძრები შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, ან შეიძლება, ძალიან დიდი სიცხის გამო. არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც. არაფერი არ არის გამორიცხული, ვინაიდან ვიცით ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი ეს დივერსიული მიდრეკილებები" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.







იგივე ვერსიებს იზიარებს, თუმცა, ტყის გახშირებული ხანძრების შედარებით რეალურ მიზეზად კლიმატის ცვლილებას მიიჩნევს სპეციალისტი გარემოსდაცვით საკითხებში რეზო გეთიაშვილი. მისი თქმით, არის ანომალიური გვალვა, მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდები, რაც ბოლო პერიოდში ნორმად იქცა. CENN-ის დირექტორის მოადგილე, ამ გარემოებასა და კლიმატის ცვლილებას შორის პარალელს ავლებს.

„ჩვენ გვაქვს ტყის ხანძრების ის რაოდენობა, რაც აქამდე არ გვქონდა და ისეთ ადგილებში, სადაც აქამდე არ ჩნდებოდა. ამიტომ, ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს კავშირში კლიმატის ცვლილებასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ კლიმატის ცვლილება არის ერთ-ერთი ფაქტორი ამ ხანძრების. ნორმად არ უნდა ვაქციოთ მასშტაბური ხანძრები, რადგან მას ეწირება განვითარება. და როცა საუბარია ბორჯომზე, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ერთი ხეობის განვითარება, აქ საუბარია ქვეყნის განვითარებაზე. ეს არის ქვეყნის ტურისტული, ეკონომიკური პოტენციალი და მარგალიტი, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. შედეგი რაც ახლა გვაქვს, არის კატასტროფული. მომდევნო 5 წლის შემდეგ, ახალი შედეგი გვექნება უარესი. ბორჯომი ამდენ კატასტროფას კი ვეღარ გაუძლებს. დაკარგავს მიმზიდველობას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დავკარგავთ ხეობას ტურისტული თვალსაზრისით, თუ მას ყურადღება არ მივაქციეთ“ - აცხადებს რეზო გეთიაშვილი.




ის რომ კლიმატის ცვლილება და მისგან გამოწვეული შედეგები პერიოდულად თავს გვახსენებს, ამის საპირწონედ რეზო გეთიაშვილი, 2017 წელს, დაბა-წაღვერის ტყეში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს იხსენებს. სამომავლო რისკების თავიდან ასაცილებლად, გამოსავალს, სისტემური ხარვეზის გამოსწორებაში ხედავს. გარემოსდამცველი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის შეფასებას გვთავაზობს და ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილებასაც გვიზიარებს.


„წელს ჩვენ ხანძარი ისევ გაგვექცა, როგორც ეს მოხდა 2017 წელს დაბა-წაღვერის ტყეში. აქ საუბარი შეიძლება სისტემურ ხარვეზებზეც, თუ რატომ მიიღო ამ ხანძრებმა მასშტაბური ხასიათი. რა თქმა უნდა, მასშტაბური ხანძრები ყველგან არის და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. უბრალოდ, აქ განსხვავება ის არის, რომ განვითარებული ქვეყნები სათანადო დასკვნებს აკეთებენ და ჩვენც მოგვიწევს იგივეს გაკეთება.

სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ, კერძო ორგანიზაციებთან (50-ზე მეტ) ერთად, გასულ დღეებში განცხადებით მიმართა პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, უნდა მოხდეს გადაფასება, რამდენად გამართულია ჩვენი სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, სად არის ხარვეზები, სად რა შეცდომა შეიძლება ყოფილიყო დაშვებული იმისათვის, რომ შემდგომ წლებში თავი დავიზღვიოთ ხანძრებისგან. ჩვენს სახანძრო უსაფრთხოების სისტემას სჭირდება შეფასება, ასეთი შეფასება არ ჩატარებულა 2017 წელს და ახლა აუცილებლად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“-
რეზო გეთიაშვილი.




აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს, ბორჯომის მსგავსად, მეხანძრე-მაშველებს ტყის ხანძრებთან ბრძოლა უწევდათ სხვა მუნიციპალიტეტებშიც. გარემოსდამცველები ამ გარემოებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ ამ მხრივ სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, სამომავლოდ კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად.




რას აკეთებს ხელისუფლება?



პრობლემასთან საბრძოლველად, საქართველოში ხორციელდება პროექტი ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“, საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის და შვეიცარიის მთავრობების თანადაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. პროექტის საერთო ბიუჯეტი 74 მილიონი აშშ დოლარია, 7 წლის განმავლობაში ხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობებისგან, გვალვისა და სხვა საფრთხეებისგან უკეთ დაცვას.

ასევე, საქართველომ განაახლა პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები (ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი) და უპირობო ვალდებულება აიღო, რომ 2030 წლისთვის, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 35 პროცენტით შეამცირებს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამურ მაჩვენებელს.




თუმცა, ცხადია, რომ მთავრობის მცდელობასთან ერთად, მასშტაბური ცვლილებებისათვის ადამიანების ინდივიდუალური ძალისხმევა არანაკლებ მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, როცა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით გამოყოფაზე პასუხისმგებელია საყოფაცხოვრებო საქმიანობაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს გააზრებული საკუთარი როლი კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში.




ხანძრების ქრონოლოგია ვრცლად ნახეთ აქ:

"ხანძარი ბორჯომის ხეობაში"




Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.