„რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო -“კარლ ჰარცელი
ის, რაც გუშინ ვნახე, საქართველოს
ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო,
- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა
განაცხადა.
„გუშინ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებზე კომენტარს არ
გავაკეთებ. ვიტყვი იმას, რომ ის, რაც გუშინ გავიგონე, არის, ბევრი,
ბევრი ჩვეულებრივი ქართველი, რომლებსაც სურთ, საქართველომ გამოიყენოს
მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა
მისცა და სწორი ნაბიჯები გადადგას საქართველოს ევროპული დღის წესრიგის
ფაქტობრივი და რეალური წინსვლისთვის.
ევროპულმა კომისიამ პარასკევს განაცხადა, რომ იხსნება ევროპული
პერსპექტივა უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის. ეს ნიშნავს,
რომ არ უნდა გამოგვრჩეს ძალიან აშკარა “დიახ“ ევროპული კომისიისგან,
რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის წევრი.
გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელისგან, რომელიც კარგად არის
ცნობილი ამ ქვეყნისთვის, რომ დროა იმის გასაცნობიერებლად, რომ
უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს არის
ძლიერი გზავნილები. ამასთან, როგორც ვიცით, საქართველოს შესახებ
დასკვნა შედარებით ნაკლებად კეთილგანწყობილი იყო, ვიდრე უკრაინისა და
მოლდოვის შესახებ, რაც ხაზს უსვამს მტკიცე ნაბიჯების გადადგმის
აუცილებლობას იმისთვის, რომ ამ მისწრაფებების დემონსტრირება მოხდეს.
ამისთვის ჩვენ გვაქვს შესასრულებელი მოთხოვნების სია. იმედი მაქვს და
რამდენიმე დღეში ვნახავთ, თუკი ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნების
დასკვნაც იგივე იქნება, როგორიც ევროპული კომისიის, ამის შემდეგ
გზავნილი ძალიან ნათელია : საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს
ხელშია და ევროპული დღის წესრიგის წინსვლისთვის გულმოდგინედ მუშაობისა
და ნაბიჯების წინ გადადგმის დროა,“- აღნიშნა ელჩმა.