ახალი ამბები
ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზში“ სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრის პრეზენტაცია გაიმართა
ახალდაბაში მედიაკაფე „ლუტრეზში“,
სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრის პრეზენტაცია შედგა.
პროექტს „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით
ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების
ინსტიტუტი (CSMDI), რომლის პარტნიორებიც არიან: მედიაკაფე „ლუტრეზი“
(სადაც გენდერმედიაცენტრის ოფისი იქნება განთავსებული),
ინტერნეტგამოცემა www.borjominews.ge , ასევე „სამცხე-ჯავახეთის
სათემო განვითარების ცენტრი“, „ქალი და არჩევანი“ და „ამერიკული კუთხე
ხაშურში“.
პრეზენტაცია გაიმართა მედიაკაფის ეზოში და მას ადგილობრივ
ახალგაზრდებთან თუ სოფლის მცხოვრებლებთან ერთად, ესწრებოდნენ
ბორჯომიდან და ხაშურიდან მოწვეული სტუმრები.
გენდერმედიაცენტრის დირექტორმა ნატო გუბელაძემ მოწვეულ სტუმრებს
ცენტრის საქმიანობის მიზნები გააცნო.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, „ახალდაბის სამოქალაქო აქტივიზმის
გენდერმედიაცენტრმა“ უნდა შემოიკრიბოს ადგილობრივი ახალგაზრდები, მათ
შორის - მოზარდი გოგონები თუ ახალგაზრდა ქალები და სხვადასხვა
აქტივობების განხორციელებით ხელი შეუწყოს მათ გააქტიურებას,
ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე,
გენდერული პრობლემატიკის, ქალთა აქტივიზმის, უფლებების დაცვის,
ლიდერობის და სათემო ინიციატივების პრაქტიკულად განხორციელების გზების
შესახებ.
მედიაკაფე „ლუტრეზში“ ახალგაზრდებისთვის, გოგონებისა თუ ქალებისთვის
მოეწყობა სპეციალური ტრენინგები, სადაც ისინი პროფესიონალი
ტრენერებისგან მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა თემატიკაზე, რათა
მომავალში თავად შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად
მონაწილეობა, თემის საჭიროებების კვლევა, ადგილობრივი
თვითმმართველობის წინაშე არსებული პრობლემების დაყენება, აქტუალიზაცია
და ადვოკატირება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათემო ინიციატივების შედგენა და
თანამშრომლობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან,
საკრებულოსთან არსებულ გენდერის საბჭოსთან, საკრებულოს ქალ
დეპუტატებთან, ქალთა ოთახის წარმომადგენლებთან და მერიის
გენდერსპეციალისტთან.
ახალგაზრდები გაეცნობიან მოქალაქეთა აქტიურობის, გამოხატვისა და
ინფორმაციის თავისუფლების ზოგად პრინციპებს და პრაქტიკაში გამოყენების
მექანიზმებს. მოისმენენ ტრენინგს, როგორ გავხდეთ აქტიური მოქალაქეები
ანუ მოქალაქე ჟურნალისტები, რა არის სოციალური მედია და სამოქალაქო
აქტივიზმი, გაეცნობიან ახალი მედიის მუშაობის მეთოდებს, როგორ იქმნება
მულტიმედიური და ინტერაქტიული ინტერნეტ-პროდუქტი.
გარდა ტრენინგებისა, პროექტი ითვალისწინებს წარმატებული ქალების
მოწვევა გენდერმედიაცენტრში და მათი ისტორიების მოსმენას და
გამოცდილების გაზიარებას.
გააზიარეთ :