მოსკოვს დაქვემდებარებულმა უკრაინულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა
მოსკოვის საპატრიარქოს
დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა
გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ეკლესიამ დღეს მიიღო.
ეკლესია აცხადებს, რომ ის გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და მოსკოვის
პატრიარქის, კირილეს პოზიციას ამ ომთან დაკავშირებით.
რეზოლუციაში, რომელიც კიევში 27 მაისს ჩატარებული საეკლესიო კრების
შემდეგ მიიღეს, ნათქვამია:
"ეკლესია გმობს ომს, მიიჩნევს მას ღმერთის მცნების: "არა
კაც კლა" დარღვევად და გამოხატავს მწუხარებას იმათ გამო, ვინც ომში
დაზარალდა.
ეკლესია მიმართავს უკრაინის და რუსეთის ხელისუფლებებს, გააგრძელონ
მოლაპარაკების პროცესი და მოძებნონ ძლიერი და გონივრული სიტყვა,
რომელიც შეაჩერებს სისხლისღვრას.
ჩვენ არ ვეთანხმებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის
პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით.
ეკლესიის საბჭომ მიიღო სათანადო ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებელი
ეკლესიის ადმინისტრაციის წესდებაში, რაც ადასტურებს უკრაინის
მართლმადიდებელი ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობასა და
ავტონომიას".
როგორც ცნობილია, უკრაინაში მეორე, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი
ეკლესიაც არსებობს. უკრაინის ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი
ეკლესიის შექმნა 2018 წლის 15 დეკემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში,
წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოცხადდა.
ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე.
უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან
ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში
უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს,
ასევე, ელადისა(საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა.
რუსეთმა, რომელიც თავშივე ცალსახად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის
ავტოკეფალიის იდეას, კავშირი გაწყვიტა როგორც კონსტანტინოპოლის
საპატრიარქოსთან, ისე დანარჩენი სამი ეკლესიის მეთაურებთან.
ავტოკეფალიის გამოცხადებამდე, მოსკოვის საპატრიარქოზე
დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდ,
დომინანტურ ერთეულად მიიჩნეოდა ქვეყანაში მოქმედ რამდენიმე ეკლესიას
შორის.