პრაქტიკული გამოცდისთვის შერჩეულ მარშრუტებზე სასწავლო მოძრაობა აკრძალული იქნება
მართვის მოწმობის პრაქტიკული
გამოცდის მეორე ეტაპისთვის მოსამზადებლად მომსახურების სააგენტოს მიერ
საგამოცდოდ დადგენილ მარშრუტებზე სასწავლო სვლა აკრძალული
იქნება.
როგორც მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, გზის იმ მონაკვეთებს,
სადაც ავტოსკოლების ინსტრუქტორებს სწავლება შეეძლებათ, თითოეული
მუნიციპალიტეტი თავად დაადგენს.
მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი
სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ, კერძოდ: რუსთავში, გორში,
თელავში ფოთში, ახალციხეში, ქუთაისში, საჩხერეში, ოზურგეთსა და
ბათუმში.
„B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან
გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ჩატარდება, ხოლო მეორე
ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს
უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის
წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს,
ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით
ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული
გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი
გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15
დღისა.