პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ
მორავეცკი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვა. ის
შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან ბათუმში გამართავს.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრები განიხილავენ რუსული აგრესიის
წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებს უკრაინაში, ასევე,
კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინის პრეზიდენტ
ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შედეგებს. საქართველოს
ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ,
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ახლახან წარდგენილ
განცხადებას.
გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერი
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის
განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზე ისაუბრებს. ასევე განიხილება
ეკონომიკური სანქციების გავლენა ქვეყნებზე, რომლებიც გმობენ რუსეთის
აგრესიას და მიმდინარე მიგრაციულ ვითარებას.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის
პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის
ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა.