მართლმადიდებლური სამყარო დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ
აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების,
22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან
ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. მართლმადიდებლები
წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს
მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. წმინდა ნიკოლოზ
სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას
შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს
ქართული ეკლესია შეავედრა. წმინდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის
სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და
მოღვაწეობისა.
ცხოვრება წმინდა ნიკოლოზისა ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის
ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი
სიკვდილისაგან. მრავალი გადაურჩენია ზღვაში ჩანთქმისგან, მრავალიც
განუკურნავს: ბრმათათვის თვალი აუხელია, კოჭლთათვის საღი ფეხი მიუცია,
ყრუთათვის – სმენა, უტყვთათვის – მეტყველების მადლი. სიღატაკეში
მყოფთათვის – ცხოვრების სახსარი, დამშეულთათვის – სასმელ–საჭმელი.
ქართველ ხალხში წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით
სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი
არსებობს. ამ დღეს, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება მოქმედ
ეკლესიებში.