ახალი ამბები
სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაასრულა.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

"კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები - ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა, მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვებისა და მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი - გაასაჯაროვეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), ,,ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის), ,,გ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) და ასევე, ,,დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტების დარღვევით.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების რამდენიმე ფაქტს სწავლობდა. კერძოდ, სამსახურმა შეისწავლა 2021 წლის 8 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მიღებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 10 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ მონაცემების გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 5 და 6 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 6 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ფოტო (რომელზეც ასახული იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული საკვები დანამატები) და ვიდეომასალის (რომელზეც აღბეჭდილი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტები) მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება; 2021 წლის 8 და 11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის, მიხეილ სააკაშვილის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება.

ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის პროცესში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ყველა შემთხვევასთან მიმართებით განმარტეს, რომ მათ მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროების მიზეზი მაღალი საჯარო ინტერესი იყო, ვინაიდან ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია მისი უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დამძიმების შესახებ. ამასთან, საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის გავრცელებით, არსებობდა ძალადობრივი ხასიათის მოქმედებების დაწყების შესაძლებლობა, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ასევე, ზიანს აყენებდა პენიტენციური დაწესებულების რეპუტაციასა და იქ განთავსებული სხვა პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს. შესაბამისად, საჭირო იყო საზოგადოებისთვის იმის დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იდგა საფრთხის ქვეშ და სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებდა კანონმდებლობის დაცვით.

მაღალი საჯარო ინტერესის საფუძვლით, პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერების შეფასებისას, სახელმწიფო ინსპექტორმა იხელმძღვანელა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ინსტრუმენტებით, მხედველობაში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკა და განმარტა, რომ მართალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, უნდა შეეფასებინათ რამდენად იყო ეს ინტერესი ლეგიტიმური და რამდენად პროპორციული და ადეკვატური იყო, ასეთი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროება და გასაჯაროებისთვის გამოყენებული საშუალებები.

სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეაფასა და დაადგინა:

მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტების (ნატურალური წვენების, თაფლის) შესახებ ინფორმაციის (2021 წლის 8 ოქტომბერს) გასაჯაროებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის) და „გ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების ფონზე, საზოგადოებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ინტერესი ნამდვილად არსებობდა. თუმცა, საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენდა არა მის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მიღებული პროდუქტების სახეობა და რაოდენობა, არამედ ინფორმაცია - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ შედეგებზეც, რაც აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, კერძოდ მიხეილ სააკაშვილმა უკან დააბრუნა შეძენილი პროდუქტები და შეწყვიტა საკვები დანამატების მიღება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ისიც, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო მასთან დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ვინაიდან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ, პოლიტიკური განცხადებების ფარგლებში, გაჟღერებული ინფორმაცია ემთხვეოდა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხის მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების შესახებ დაცულ ინფორმაციას.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, 2021 წლის 10 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების (წნევის, პულსის, სატურაციის, გლუკოზის მონაცემების) შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება იყო კანონიერი. იმ პირობებში, როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების თაობაზე და მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა გაასაჯაროვა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საზოგადოების ინფორმირებისთვის გამოყენებული საშუალება - მიხეილ სააკაშვილის ნორმაში არსებული სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ზოგადი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება - მიჩნეულ იქნა ლეგიტიმური საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების პროპორციულ საშუალებად.


მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის (2021 წლის 5 და 6 ნოემბერს) გასაჯაროებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), „გ“ (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და „დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსმა (რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდა საკვებს, რომელიც არ იყო სამედიცინო დანიშნულების) საზოგადოების ნაწილში შექმნა მცდარი აზრი მისი მოჩვენებითი შიმშილობის შესახებ, მაშინ როდესაც, საპირისპირო დასტურდება სამედიცინო დოკუმენტებით - ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა შეწყვეტილი არ ჰქონდა და კონსილიუმის წევრების მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, იგი სამედიცინო პუნქტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით, ექიმების მეთვალყურეობით, იღებდა სხვადასხვა სახის წვენებსა და პიურეებს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვები დანამატების მიღების შესახებ, ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, იმ მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე, რომ აღნიშნული ხორციელდებოდა ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციით, ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად. მით უფრო, იმ წინასწარ განჭვრეტადი შედეგის გათვალისწინებით, რაც გამოიწვია არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებამ - მოშიმშილე პირმა (მიხეილ სააკაშვილმა) უარი განაცხადა ყოველგვარი საკვები დანამატის მიღებაზე, რამაც შექმნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფრთხე.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ პაციენტის შესახებ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, აყალიბებს უნდობლობას პაციენტსა და სამედიცინო მუშაკს შორის, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია სათანადო მომსახურების გასაწევად.

მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალის (2021 წლის 6 ნოემბერს) გასაჯაროებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), „გ“ (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და „დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო ოთახში (სადაც გადაღებულია გავრცელებული ვიდეოჩანაწერი) ვიდეოთვალთვალი და აღნიშნულ სივრცეში ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზნები (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უსაფრთხოება და საკუთრების დაცვა) მიჩნეულ იქნა კანონიერად.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროებას, სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა არ მიუთითებდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებდა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სამედიცინო მომსახურების ხარისხში. შესაბამისად, ბუნდოვანია, რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ოთახში ექიმის მეთვალყურეობით, კონსილიუმის რეკომენდაციის შესრულების ამსახველი ფაქტებისა და ფოტომასალის გასაჯაროება. ამასთან, ფოტოსურათისა და ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმ კონტექსტში, რომ ეს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველ უტყუარ მტკიცებულებას, იმ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების გარეშე, რომ მათი მიღება იყო რეკომენდირებული ექიმების მიერ და ნებადართული შიმშილობის დროს, აჩენდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მოჩვენებითი შიმშილობის განცდას, რაც როგორც უკვე აღინიშნა, არ წარმოადგენდა ობიექტურ ინფორმაციას.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია ისიც, რომ სამედიცინო ოთახში მოხვედრილ პირს, სამედიცინო ხასიათის პერსონალური მონაცემების განსაკუთრებული ხასიათის გათვალისწინებით, აქვს ასეთ სივრცეში გაკეთებული ვიდეოჩანაწერის ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობისაგან დაცულობის სამართლიანი მოლოდინი. გარდა ამისა, პირის ფოტო-ვიდეოგამოსახულება განსაკუთრებით არის დაცული პირადი ცხოვრების უფლებით. შესაბამისად, ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებშიც, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეეძლო პირადი ცხოვრების სხვა, ნაკლებ შემზღუდავი საშუალებით.

სახელმწიფო ინსპექტორმა, ყურადღება ასევე გაამახვილა ვიდეოჩანაწერისა და ფოტომასალის შინაარსის მნიშვნელოვან დეტალებზე. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ასახულია პრივატულ ფორმაში. ფოტოსურათზე კი, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტავს, ასახულია მის მიერ მიღებული საკვები დანამატები - გარკვეული ხილფაფები და პიურეები, რომლებიც საზოგადოებაში ფართოდ გამოიყენება ბავშვთა საკვების სახით. ამ გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის გავრცელების ფორმა და შინაარსი საზოგადოებაში ქმნიდა არასწორ განცდას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მოჩვენებითი ხასიათის შესახებ, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა შეფასდეს მოშიმშილე პირის ღირსების შელახვად.

მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის, მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის (2021 წლის 8 და 11 ნოემბერს) გასაჯაროებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), „გ“ (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და „დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომონიტორინგი №12 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში კანონიერად იქნა მიჩნეული, ვინაიდან იგი ხორციელდებოდა კანონით დადგენილი წესით და აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო მონაცემთა სუბიექტი. თუმცა, გამოვლინდა გარკვეული ნაკლოვანება რეანომობილში აუდიო-ვიდეო გადაღების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინფორმირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღქმადი იყო აუდიო-ვიდეო გადაღების ფაქტი და აღნიშნულთან დაკავშირებით მას არ გამოუთქვამს პრეტენზია, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჩაწერის დაწყებამდე უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ ვის მიერ და რა მიზნით ხდებოდა აუდიო-ვიდეოჩაწერა.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული კადრების გასაჯაროებას, სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმის დემონსტრირებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად საკუთარი ნებით დატოვა დაწესებულება, ვერ ჩაითვლება კანონიერად, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი იძულებით შესახლებისა და რეანომობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით. შესაბამისად, ბუნდოვანია რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა და რატომ იყო აუცილებელი ამ სახის ინფორმაციის გავრცელება.

№18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორმა განმარტა, რომ მისი პოლიტიკური სტატუსის (საქართველოს მესამე პრეზიდენტი), ცნობადობის, მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ), ვიდეოჩანაწერის შინაარსისა (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს იგი ხელში აწეული, იძულებით გადაჰყავთ წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში) და გასაჯაროების წინასწარ განჭვრეტადი შედეგების (აღნიშნული კადრები გავრცელდა მედიაში (და არა მხოლოდ საქართველოში) გათვალისწინებით, მისი ამგვარ ფორმაში და ვითარებაში ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, უნდა იქნას მიჩნეული მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ფორმით მონაცემების დამუშავებად.

ღირსების უფლება განამტკიცებს იმგვარ წესრიგს, რომელშიც მთავარი ღირებულება არის ადამიანი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. კონფლიქტი ღირსების უფლებით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, იმთავითვე და უპირობოდ უნდა გადაწყდეს ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. შესაბამისად, რეანომობილის პენიტენციური დაწესებულების კორპუსთან გაჩერების, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო ტექნიკის დაზიანებისა და დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტების დემონსტრირებისთვის, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ჩანაწერის გასაჯაროება და ამ ფორმით საზოგადოების ინფორმირება, ვერ იქნება განხილული კანონიერი მიზნით მონაცემების დამუშავების შემთხვევად, ასევე, რაიმე ლეგიტიმური მიზნის, მათ შორის, საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისათვის გამოყენებულ პროპორციულ და ადეკვატურ საშუალებად.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კანონიერი მიზნის მიღწევის თანაზომიერ და ადეკვატურ საშუალებად არ იქნა მიჩნეული ასევე რეანომობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიო-ვიდეოგადაღების თაობაზე მიხეილ სააკაშვილი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული. სახელმწიფო ინსპექტორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ რეანომობილში მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ექიმების დაკვირვების ქვეშ, სადაც მონაცემთა დაცულობის მოლოდინი ბევრად მაღალია. ამასთან, 2021 წლის 09 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უკვე დაწყებული იყო გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. შესაბამისად, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული გამოძიების და არა ცალკეული აუდიო-ვიდეოჩანაწერის მიმართ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), მას სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა"
- აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.