არჩვნები 2020
31 ოქტომბრის არჩევნებმა მანამდე მიღწეული წინსვლა გადაფარა - NDI-ის ანგარიში
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს
გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საარჩევნო ოქმებში არსებულმა
სავარაუდო უზუსტობებმა და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად
გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ
კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების
კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა.
“მისასალმებელია, რომ გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების
მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე ხმის
მისაცემად მაინც მივიდნენ.” - განაცხადა ნიუ ჯერსის ყოფილმა
გუბერნატორმა და აშშ-ის გარემოსდაცვითი სააგენტოს ხელმძღვანელმა,
კრისტინ ტოდ უიტმანმა, რომელიც NDI-ის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრი
იყო. - “პირველი ტურის შედეგების შეჯამებისა და 21 ნოემბერს დაგეგმილი
მეორე ტურისთვის მზადების ფონზე, არჩევნების პროცესში გაჩენილი
ეჭვების საპასუხოდ, ასევე საარჩევნო პროცესისა და საბოლოო შედეგების
მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, მთავრობის ლიდერებსა და
საარჩევნო ადმინისტრაციას საგანგებო ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ.”
არჩევნების დღეს სანდო სადამკვირვებლო ჯგუფები, სხვა საკითხებთან
ერთად, საარჩევნო ოქმებში არსებულ უზუსტობებსა და ხმის მიცემის
ფარულობის დარღვევებზე საუბრობდნენ. მათ ყურადღება გაამახვილეს
საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირების, ჟურნალისტებისა და
დამკვირველებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის, მოსყიდვის და
გაყალბების სავარაუდო შემთხვევებზე, ასევე საარჩევნო უბნების გარეთ
პარტიების კოორდინატორებისა და აქტვისტების ყოფნაზე, რაც მათი
შეფასებით დამაშინებელ გარემოს ქმნიდა. კენჭისყრის დღის შემდეგ
ოპოციზიის აქტივისტებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები წამოიწყეს,
სადაც ხმის ხელახალ დათვლას, შედეგების გაუქმებასა და ვადამდელი
არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. საკანონმდებლო ჩარჩომ არჩევნების
ჩატარებისთვის მყარი საფუძველი შექმნა. 2020 წლის ივნისში გატარებულმა
საკონსტიტუციო და სამართლებრივმა რეფორმებმა მონაწილეთა უფრო მეტ
მრავალფეროვანებას შეუწყო ხელი. თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა და
არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკმაყოფილება გამოთქვეს საარჩევნო
კომისიის წევრების მიკერძოებულობის შესახებ და გასაჩივრების პროცესის
მიმართ უნდობლობა გამოხატეს. კამპანიის დაფინანსების წესების შესახებ
არსებული შენიშვნები კვლავ რელევანტურია. საარჩევნო კამპანია ღია და
პლურალისტური იყო. თუმცა, ამავე პერიოდში, ძალადობისა და დაშინების
არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ხშირად ისმოდა ბრალდებები სახელმწიფო
რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ. ასევე მნიშვნელოვნად მაღალი
იყო ამომრჩევლთა მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობები. მედიის
პოლარიზაციის გამო პარტიებს ტელევიზიებზე არათანაბარი წვდომა ჰქონდათ.
მათი საარჩევნო მესიჯები ძირითადად ოპონენტების კრიტიკაზე იყო
ორიენტირებული, ვიდრე პრობლემების გადაჭრის გზებზე. საქართველომ
პოლიტიკაში მეტი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია
სავალდებულო გენდერული კვოტის მიღება. თუმცა, ამ პროგრესის
მიუხედავად, ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, შშმ პირები
და ლგბტ+ თემის წევრები კვლავაც არ იქნებიან სათანადოდ წარმოდგენილნი
ახალ პარლამენტში. არჩევნების პოლარიზებულმა გაშუქებამ ამომრჩეველს
ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში შეუშალა ხელი. ჟურნალისტების
მიმართ ძალადობისა და მუქარის შემცველი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები შეზღუდულად ტარდებოდა, რის
გამოც ეს შესაძლებლობა ამომრჩევლების ინფორმირებისთვის სათანადოდ ვერ
იქნა გამოყენებული. საინფორმაციო მანიპულაციები ფართოდ იყო
გავრცელებული, განსაკუთრებით “ფეისბუქზე”. “შემდგომი რეფორმების
გარეშე საკვანძო დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის
შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება.” - განაცხადა NDI-ის
პრეზიდენტმა ელჩმა დერეკ მიტჩელმა.
NDI-ის ანგარიში საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად 35
რეკომენდაციას გასცემს. მეორე ტურების წინ, კრიტიკულად
მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე მხარეებმა ყურადღება
გაამახვილონ შემდეგზე:
• პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა
საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იქნას განხილული, ხოლო საჭიროების
შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან
განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს. მათ, ასევე, უნდა გამოიძიონ
ძალადობისა თუ დაშინების ბრალდებები და თუ საჭირო გახდა, კანონის
ფარგლებში პასუხისგებაში მისცენ შესაბამისი პირები. გადაწყვეტილების
მიმღებმა მხარეებმა ყველა ზომას უნდა მიმართონ, რათა მომავალში
მსგავსი პრაქტიკა არ განმეორდეს.
• პარტიებმა და კანდიდატებმა საარჩევნო დარღვევების, ძალაუფლების
ბოროტად გამოყენების, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ბრალდებების
გასამყარებლად სათანადო მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ და ამ
უზუსტობების აღმოსაფხვრელად არსებული ბერკეტები გამოიყენონ.
• მონაწილე მხარეებმა პატივი უნდა სცენ და დაიცვან მიუკერძოებელი
დამოუკიდებელი დამკვირვებლების უფლებები, რათა მათ საქმიანობა
ზეწოლისა და დაშინების გარეშე გააგრძელონ.
• ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განამტკიცოს საუბნო საარჩევნო
კომისიების მიერ პროცედურების ზედმიწევნით ზუსტად და თანმიმდევრულად
აღსრულება, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:
კომისიის წევრების პასუხისმგებლობების გადანაწილება, ხმის მიცემის
ფარულობის უზრუნველყოფა, მარკირების პროცედურების აღსრულება და
ოქმების შევსება.
• მონაწილე მხარეებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა განმუხტონ
დაძაბულობა და ხელი შუწყონ მშვიდობიან გარემოს. პოლიტიკურმა ლიდერებმა
და კანდიდატებმა საკუთარი საქმიანობა კვლავაც ქცევის კოდექსის
მიხედვით უნდა წარმართონ.
• ამომრჩეველებისთვის დაბალანსებული და სანდო ინფორმაციის
მისაწოდებლად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა სხვადასხვა
დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და
საზოგადოებას საკუთარი პროგრამები და გეგმები წარუდგინონ.
• უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ პარტიებმა და
კანდიდატებმა ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ნორმები დაიცვან. აღნიშნული საარჩევნო ანალიზი ეფუძნება
ჩართულ მხარეებთან 22-31 ოქტომბერს ჩატარებულ ინტერვიუებს,
დისტანციურად მყოფი გრძელვადიანი ანალიტიკოსების შეფასებებს,
ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის მანძილზე
დაგროვებულ გამოცდილებასა და ურთიერთობებს და სანდო, მიუკერძოებელი
სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს, რომლებიც 31 ოქტომბრის
არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ. წინამდებარე
ანალიზი ასევე ეყრდნობა NDI საქართველოს საარჩევნო მონიტორინგის
(GEORGIA ELECTION WATCH) ანგარიშებს, რომლებიც 2020 წლის 19
აგვისტოს, 9 ოქტომბერს და 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
გააზიარეთ :