ახალი ამბები
როგორ იქცა შაბათ-კვირა დასვენების დღეებად
სამუშაო კვირის ხუთი დღიდან ოთხ დღემდე შემცირების იდეა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ნაკლები, მაგრამ მეტად ნაყოფიერი სამუშაო საათების შემოღებას განიხილავენ. 

შაბათ-კვირის დღევანდელ გაგებას სწორედ მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი.

მე-19 საუკუნეში მთავრობამ ფაბრიკა-ქარხნებში სამუშაო საათები კანონის ძალით შეამცირა და რეგულარული შესვენებები შემოიღო. თუმცა შაბათ-კვირა უქმე დღეებად მთავრობის ინიციატივით კი არ გამოცხადდა, არამედ მთელი რიგი წინააღმდეგობების შედეგად.

ამ მოთხოვნების ინიციატორებს შორის იყვნენ სხვადასხვა აქტივისტები, მოძრაობები, პროფკავშირები და, რა თქმა უნდა, თავად დასაქმებულები. თავისუფალი შაბათ-კვირის ფორმირება დიდ ბრიტანეთში ნელი და ეტაპობრივი პროცესი იყო, რითიც არაოფიციალური, თუმცა საყოველთაოდ გავრცელებული ტრადიციები დამარცხდა და სამუშაო კვირა შუაში გაწყდა.

მე-19 საუკუნეში ძირითადად გამოცდილ და კვალიფიციურ ხელოსნებს თავადვე ჰქონდათ ათვისებული სამუშაო გრაფიკი, რამდენადაც დამოუკიდებლად ქირაობდნენ სამუშაო ადგილს და ყოველკვირეულად პასუხისმგებლები იყვნენ სხვადასხვა ნივთების წარმოებაზე, რომლებიც მყიდველთათვის დროულად უნდა მიეწოდებინათ. ამან ბიძგი მისცა "წმინდა ორშაბათის" წარმოშობას. მართალია, "წმინდა ორშაბათის" ტრადიცია ერთგვარად იმეორებდა რელიგიური დასვენების დღეების შინაარსს, თუმცა რეალურად სრულიად სეკულარულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რომელიც მუშების მიერ იყო განსაზღვრული, რათა კვირის განმავლობაში ხანგრძლივი დასვენება ჰქონოდათ.

მუშები მთელი დატვირთვით შრომობდნენ სამშაბათიდან შაბათის ღამემდე, რათა შემდეგ სიამოვნება მიეღოთ კვირით, როგორც ლეგიტიმური დასვენების დღით, რასაც ორშაბათსაც უმატებდნენ, კვირის განმავლობაში დამატებული სამუშაო საათების ასანაზღაურებლად. მე-19 საუკუნის შუა ხანებში "წმინდა ორშაბათი" ბრიტანულ საზოგადოებაში საყოველთაო წესად იქცა. ეს ყველაფერი იმდენად მიღებული გახდა, რომ სხვადასხვა გასართობი და განსატვირთი ღონისძიებები, იქნება ეს თეატრალური დადგები თუ მუსიკალური კონცერტები, სწორედ დასვენების ამ არაოფიციალურ დღეს იმართებოდა.


ყველაფრის მიუხედავად, რელიგიური ინსტიტუტები და პროფკავშირები სამუშაო კვირაში მეტ ოფიციალურ დასვენების დღეს ითხოვდნენ. რელიგიური ინსტიტუტები თვლიდნენ, რომ დასვენების დღეებში შაბათის დამატება მუშათა კლასის "მენტალურ და მორალურ კულტურას" გააუმჯობესებდა. 

ამავდროულად, პროფკავშირებს სამუშაო კვირის განმავლობაში ისეთი ოფიციალური დასვენების შემოღება სურდათ, რომელიც კონკრეტული წეს-ჩვეულებით (კვირა, როგორც რელიგიური დასვენების დღე) არ იქნებოდა განპირობებული. ის, რომ დღეს შაბათ-კვირას დასვენებით ვსარგებლობთ, ნამდვილად პროფკავშირების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მიღწევაა.

1842 წელს გაერთიანება Early Closing Association დაარსდა. ეს გაერთიანება მოითხოვდა მთავრობისგან, რომ ორშაბათს სრული დღის მუშაობის სანაცვლოდ შაბათს დღის მეორე ნახევარში მუშებს დასვენების უფლება ჰქონოდათ. დამსაქმებლებს ურჩევდნენ, შაბათობით ნახევარგანაკვეთიანი გრაფიკი შემოეღოთ, რადგანაც უკვე ხსენებული გაერთიანება მიიჩნევდა, რომ ეს სამუშაო ძალას სიჯანსაღესა და ენერგიას მეტად შეუნარჩუნებდა.

პროფკავშირები ასევე მიიჩნევდნენ, რომ ნახევარდღიანი სამუშაო შაბათი მუშათა კლასის მიმართ მეტი პატივისცემის გამოხატულება იქნებოდა. ამავდროულად მიაჩნდათ, რომ ამ რეფორმის წყალობით, მუშები ნაკლებად მიეძალებოდნენ ალკოჰოლს და დღის წესრიგიდან ნელ-ნელა ამოაგდებდნენ ისეთ ექსტრემალურ გასართობებს, როგორიცაა მამლების ჩხუბი, რომელიც, როგორც წესი, სწორედ "წმინდა ორშაბათთან" ასოცირდებოდა.


მთელ ბრიტანეთში გაზრდილი დასვენების საათები ეტაპობრივად ბიზნესის ხელსაყრელ შესაძლებლობად აღიქვეს. მატარებლების ოპერატორებმა მალევე აიტაცეს ეს იდეა და შაბათობით ქვეყნის მასშტაბით ერთდღიანი მგზავრობის ტარიფი გააიაფეს. შაბათ დღეს მეტი მუშის დასვენების გამო თეატრებმა და საკონცერტო დარბაზებმაც თავიანთი გასართობი წარმოდგენები ორშაბათიდან შაბათის ნაშუადღევს გადაიტანეს.

სავარაუდოდ, შაბათის თავისუფლად გამოყენების დამკვიდრებას ყველაზე მეტად დაეხმარა გადაწყვეტილება, რომლითაც ფეხბურთის მატჩების ჩატარების დროდ შაბათის შუადღე განისაზღვრა. 

დღევანდელი შაბათ-კვირის ცნების დამკვიდრება არც სწრაფად მომხდარა და არც — თანმიმდევრულად, რადგანაც საბოლოო გადაწყვეტილება შაბათთან დაკავშირებით მაინც ფაბრიკა-ქარხნის მფლობელზე იყო დამოკიდებული. თავისუფალ შაბათ-კვირის მოთხოვნით აქტიური მოძრაობები 1840-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ დიდად ფეხის მოკიდება შემდეგი 50 წლის განმავლობაშიც კი ვერ შეძლო.

მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე საკმარისი მიზეზი არსებობდა, რომ შაბათის მეორე ნახევარი და კვირა დღე უქმეებად გამოცხადებულიყო. მართალია, დამსაქმებლებს, რელიგიურ ჯგუფებს, გასართობ ორგანიზაციებსა და მუშებს განსხვავებული მიზეზები ჰქონდათ ამ რეფორმის გატარებისთვის, თუმცა საერთო დასკვნამდე მაინც მივიდნენ — შაბათი დღე ხელსაყრელი შესვენება იყო სამუშაო კვირაში.

სწორედ, ამან ჩაუყარა საფუძველი დღეს კარგად ცნობილ 48-საათიან დასვენებას სამუშაო კვირის ბოლოს — მიუხედავად იმისა, რომ ეს მასშტაბურად მხოლოდ 1930-იან წლებში დამკვიდრდა. კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, დამსაქმებლები დარწმუნდნენ, რომ შაბათ-კვირას დასვენებამ სამსახურის გაცდენების მაჩვენებელი შეამცირა და პროდუქტიულობა გაზარდა.


ავტორი:

ბრედ ბევინი, პორტსმუტის უნივერსიტეტის პროფესორი




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.