ჩხოროწყუში ბზის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, მოქალაქე
ირაკლი მარღია უკანონოდ მოიპოვებდა ბზის ტოტებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების
თანამშრომლებმა ბზის უკანონო ჭრის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს 2 ძირი მოჭრილი ბზა, რომლის
დიამეტრი 5 სანტიმეტრზე მეტია და 4 ძირი მოთხრილი ნერგი. შედგა
შესაბამისი აქტი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის
უწყებას გადაეგზავნა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ბზობის
დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამკაცრებს
კონტროლს ბზის მოჭრაზე. სამართალდამრღვევებზე გავრცელდება კანონით
დადგენილი სანქციები. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების
დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია როგორც
ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის
ზომები.
საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ
გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება
სისხლის სამართლის საქმე. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ
კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული
პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული
შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.