ინტერაქტიული მულტიმედია
ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ეფექტი და მერების შეთანხმება ვალდებულებების შესასრულებლად
სოფელ ქვაბისხევში მცხოვრები ლია ბოჟაძე, უკვე რამდენიმე წელია, ზამთარს თბილად ატარებს და ნაკლებ შეშას მოიხმარს. ოჯახი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ენერგოეფექტური ღუმელი და მზის ჰელიო სისტემაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი აქვს. ღუმელი უკვე მრავალმხრივ გამოცდილია, ლია ბოჟაძე ხშირად აცხობს პურს და ხაჭაპურებს. ჭურჭელს კი ღუმელზე გამთბარი წყლით აღარ რეცხავს. მის ონკანში უკვე თბილი წყალი მოდის. დიასახლისი შედეგით კმაყოფილია. 





ქვაბისხევი ერთ-ერთია ბორჯომის მუნიციპალიტეტის იმ 8 სოფელს შორის, რომლის გაზიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა. ადგილობრივებისთვის გათბობის ერთადერთი საშუალება საშეშე მერქანია. პროექტის ფარგლებში, სამიზნე სოფლად ქვაბისხევი ამიტომ შეირჩა. ადგილობრივმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა, „მწვანე ბორჯომმა“ და „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა“, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თუ ბიზნეს კომპანიების დაფინანსებით, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები უსასყიდლოდ გადასცეს სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და მრავალშვილიან ოჯახებს. უკვე რამდენიმე წელია, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვაბისხევში მცხოვრებლები როგორც ფინანსებს ასევე ტყის რესურსსაც ზოგავენ და გაცილებით მეტ სითბოს იღებენ.




რა უპირატესობა აქვს ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს? - მაგალითად: ენერგოეფექტური ღუმელის მახასიათებლები და მისი მოხმარების დინამიკა


საქართველოში შეშის ღუმელით მოსარგებლეთა უმრავლესობა ისეთ ღუმელს მოიხმარს, რომელთა ეფექტურობა 25-35%-ს არ აღემატება, რაც იმას ნიშნავს რომ შეშის წვის დროს წარმოქმნილი სითბოს მხოლოდ 25-35 % გამოიყენება სასარგებლოდ. დანარჩენი 70 % გაცხელებული აირების კვამლის სახით გაიტყორცნება ატმოსფეროში. ხოლო, ენერგოეფექტური ღუმელების შემთხვევაში მარგი ქმედების კოეფიციენტი საშუალოდ 60%-ს არ ჩამოუვარდება.

ენერგოეფექტური ღუმელი, ჩვეულებრივი ღუმელისგან, განსხვავებული ვიზუალით და ტექნიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა. აქვს იზოლირებული წვის კამერა, კვამლის კამერა, რეგულირდება შემავალი ჰაერის რაოდენობა, განსხვავებულია ღუმელის კედლების სისქეც. მისი მოხმარების დროს შეშის წვის პროცესის მართვა შესაძლებელია.

ქვეყანაში ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ცნობილია რომ საქართველოში მსგავსი ტიპის ღუმელს მოსახლეობის 40%-მდე, დანარჩენი კი ჩვეულებრივ ღუმელს მოიხმარს. შემცირებული შეშის რაოდენობა, მეტი სითბო, დაზოგილი ფინანსები და ნაკლებად დაბინძურებული გარემო - ასეთია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების უპირატესობები.





აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსად, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით სარგებლობს ზოგიერთი საჯარო დაწესებულებაც. ქვაბისხევის იდენტურად, გაზიფიცირებული არ არის სოფელი დვირიც. ამ სოფელში არსებული საბავშვო ბაღის გათბობის სისტემა კი სრულად ელექტროენერგიაზეა გადასული, რამაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ხარჯი გაუნახევრა.


„დვირის საბავშვო ბაღი სრულად არის ელექტროენერგიაზე. როგორც მოგეხსენებათ ეს სოფელი არ არის გაზიფიცირებული და ამიტომ გათბობის სისტემა არის დენზე და აქ ფაქტობრივად განახევრებულია ხარჯი. გვაძლევს შეღავათს და ამასთან, ბუნებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ელექტროენერგიის გამომუშავება არ ახდენს გავლენას გარემოზე, ეკოლოგიურად სუფთაა და ხელს უშლის კლიმატის ცვლილების პროცესს“ - აცხადებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო ბენდელიანი.





დვირის მსგავსად, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით სარგებლობს ლიკანის და დაბა ახალდაბის საბავშვო ბაღებიც. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის 12 დაწესებულებიდან 3 მზის ელექტრო სადგურებიდან მიღებულ სუფთა ენერგიას იყენებს. ბორჯომის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში, იმ საბავშვო ბაღებში, სადაც განახლებად ენერგიას მოიხმარენ, ენელექტროენერგიის გადასახადი ფაქტობრივად განულდა. ბორჯომის საბავშვო ბაღებში მზის ელექტრული სადგურები 2022 წლიდან დამონტაჟდა არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, სადგურები ნეტო-აღრიცხვის ქსელში არიან ჩართულები.


იმისათვის, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან და საჯარო დაწესებულებებთან ერთად, ეკომეგობრული ქცევის პრაქტიკები გვხვდება კერძო სექტორშიც. ხშირად დიდი თუ მცირე ბიზნესის ეკონომიკური საქმიანობა გავლენას ახდენს გარემოზე. პასუხისმგებლიანი ბიზნესი კი ზრუნავს არამარტო დასაქმებულებზე, შრომის უსაფრთხოებაზე, წარმოებული პროდუქციის ხარისხზე, არამედ იმ საჭიროებებზეც, რაც ჩნდება მისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში. ერთ-ერთი მათგანია თეგეტა ჰოლდინგი, რომლის კომპლექსური ხედვა მოიცავს, როგორც მდგრად სატრანსპორტო და სამშენებლო გადაწყვეტებს ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ასევე, ნარჩენების ეფექტურად მართვასა და ცნობიერების ასამაღლებელ საქმიანობას. 2022 წელს ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“ შეემატა, რომელიც ნარჩენების მართვის ეფექტურ გეგმას ახორციელებს. კომპანია მოქალაქეებსა და პარტნიორებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები საქართველოს მასშტაბით მოწყობილ 45 შეგროვების პუნქტში ჩააბარონ. ამის შემდეგ „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამამუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას. თეგეტას აქვს ეკოინიციატივები ქაღალდის შემცირების და პლასტასის შეგროვების კუთხით. რესურსების მდგრადი გამოყენების მიზნით, თეგეტა აქტიურია ენერგოეფექტური მშენებლობების მიმართულებითაც.



„თეგეტა ყოველწლიურად აუმჯობესებს ქვეყანაში ელექტრომანქანებისა და plug-in ჰიბრიდების გაყიდვების მაჩვენებელს და დიდ ინვესტიციას დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დასამუხტი სადგურების დასამონტაჟებლად დამტენების ქსელისთვის, ჯამში, უკვე 1 000 000 ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა. 2024 წლიდან ქვეყნის მასშტაბით 70 ახალი დასამუხტი სადგური მოეწყობა. სულ ახლახანს გავხსენით თეგეტას ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი, რომელიც დღეს გარემოში არსებულ არაერთ გამოწვევას და პრობლემას პასუხობს. კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია 762 მზის პანელი. ობიექტზე განთავსებულია 5 ცალი ელექტრო დამტენი. ასევე, ტერიტორიაზე დამონტაჟებულია გარე სანათები მზის პანელით, რომელიც ელექტრო ენერგიას 100%-ით ზოგავს. გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, თეგეტას შენობებში გამოყენებულია ენერგო და რესურს ეფექტური პროდუქცია“ - ამბობს მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.





ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ არის გავრცელებული და მოიცავს სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნოლოგიებს ენერგიის მოხმარების შემცირებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ევროპული სახელმწიფოების პასუხისმგებლობა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებაზე მოიცავს საკანონმდებლო, მარეგულირებელ და ფინანსურ ვალდებულებებს. სხვადასხვა ქვეყანაში, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების კონკრეტული მაგალითებია. კერძოდ: LED განათება, ჭკვიანი თერმოსტატები, ენერგოეფექტური ტექნიკა, შენობის იზოლაცია, ელექტრო მანქანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემები და ა.შ.

საერთაშორისო ექსპერტი „ენერგოეფექტურობა შენობებში“ მიმართულებით კაროლის იანუშევიჩიუსი მაგალითისთვის იშველიებს ლიტვას და აცხადებს, რომ ამ ქვეყანას აქვს მიმდინარე აქტივობები და ინიციატივები ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით. მისი თქმით, რამდენიმე ძირითადი პროექტია: შენობების ასაწყობი რემონტი - ამ მხრივ ლიტვა არის პიონერი. ასევე, „სმარტ“ - ჭკვიანი ბადეების ინტეგრაცია და არაეფექტური გათბობის ქვაბების შეცვლა.

რაც შეეხება საქართველოს. საყოფაცხოვრებო, კერძო და საჯარო უწყებებში არსებული ერთეული პოზიტიური მაგალითების გარდა, სახელმწიფო დონეზე არსებობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მერების შეთანხმება აღმოსავლეთი (CoM East), რომლის ამოცანაა გაავრცელოს ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. CoM East-ი მხარს უჭერს ადგილობრივ მმართველობით ორგანოებს განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკა, გააუმჯობესონ ენერგომომარაგების უსაფრთხოება, თავიანთი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და შეგუების საკითხში.


ხელმომწერები რომლებიც 2016 წ ოქტომბრამდე შეუერთდნენ მერების შეთანხმებას ვალდებულება აიღეს:
• 2020 წლისათვის СО2-ის ემისიის მინიმუმ 20%-ით შეამცირება.


ხელმომწერები რომლებიც 2016 წ ოქტომბრის შემდეგ შეუერთდნენ მერების შეთანხმებას - ვალდებულება აიღეს:
• 2030 წლისათვის СО2-ის ემისიის მინიმუმ 30%-ით შეამცირება.
• განახორციელონ კლიმატის ცვლილების რისკების და მოწყვლადობის შეფასება და ადაპტირების საშუალებით აამაღლონ კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისადი მედეგობა.



საქართველოს მასშტაბით, მერების შეთანხმების ხელმომწერია 24 ქალაქი. სამცხე-ჯავახეთიდან ხელმომწერი მხოლოდ ახალციხეა. ბორჯომი ამ შეთანხმების მონაწილე არ არის.


“ბორჯომის მუნიციპალიტეტი არ არის აღნიშნულ პროგრამაში ჩართული. თუ იქნება შემოთავაზება, ჩვენ გავეცნობით იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც ჩართულები არიან აღნიშნულ პროგრამაში, თუ აღმოჩნდა რომ პროგრამა ეფექტურია, მას შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგრამაში ჩასართავად“ - გვიპასუხეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 





ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორის გიორგი აბულაშვილის განმარტებით კი: „ნებისმიერ მუნიციპალიტეტს შეუძლია ხელი მოაწეროს და მიუერთდეს ამ პროცესს”.


მკვლევარი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში გიორგი მუხიგულიშვილი საუბრობს, ბორჯომში, არსებული რეალობის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რისი გაკეთება შეუძლია მერების შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში.





ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ოფიციალურად არ არსებობს შედეგების შესახებ კვლევა, რომელიც წარმოაჩენდა ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მუშაობას საქართველოში. მკვლევარი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში კი აჯამებს გასულ 10 წელს და ამბობს, რომ ამ დრომდე ხელშესახები პროგრესი არ მიღწეულა. გიორგი მუხიგულიშვილის განმარტებით, 2030 წლამდე უნდა განისაზღვროს სამიზნე მაჩვენებლები ცალკეული მუნიციპალიტეტებისთვის, თუმცა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მოხდება ამ გეგმების განახლება და ყოველ 2-3 წელიწადში კი ამ პროგრესის მონიტორინგი. მისი თქმით, პროცესი სერიოზულ ფაზაშია გადასული.


„თუ დავაკვირდებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში რა პროგრესი იყო. რეალურად, ინერციით მიდიოდა ეს ყველაფერი, რადგან მუნიციპალიტეტები ცდილობდნენ გაერკვიათ რა სარგებელი შეიძლება მიეღოთ ამ ინიციატივისგან. შესაბამისად, ხელშესახები პროგრესი არ გვაქვს, თუმცა განხორციელდა სადემონსტრაციო პროექტებიც, რომლებმაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში და დღეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგან აღებული პასუხისმგებლობებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები თავს მარტივად ვერ დაიძვრენენ. მნიშვნელოვანია არამხოლოდ კვლევების, ანგარიშების და სამოქმედო გეგმების წარდგენა, არამედ გაძლიერებულია მონიტორინგის კომპონენტიც. თუ აღებულ ვალდებულებებს მუნიციპალიტეტები ვერ შეასრულებენ, შემდგომში გარკვეული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს. განხორციელდება თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, არამხოლოდ მერების შეთანხმების ინიციატივის ფარგლებში, არამედ პარიზის შეთანხმების შესაბამისადაც. აქ უკვე ცენტრალური მთავრობიდანაც იქნება კოორდინირებული თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებთან, რომ ეს ღონისძიებები განხორციელდეს. იმედი მაქვს, თითოეული მუნიციპალიტეტი წარმატებით გაართმევს თავს ამ გეგმების განხორციელებას“ - აცხადებს გიორგი მუხიგულიშვილი.


მერების შეთანხმების ფარგლებში როგორ უნდა იმუშაონ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა თავიანთ მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარებისთვის - ამ საკითხზე საერთაშორისო ექსპერტი კაროლის იანუშევიჩიუსი რამდენიმე რეკომენდაციას გვიზიარებს:

„მერების შეთანხმების ფარგლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ თავიანთ მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში. აი, როგორ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება:

1. შეადგინეთ გეგმა:

• შეაფასეთ ენერგიის მოხმარება: გაიგეთ, რამდენ ენერგიას იყენებს თქვენი ქალაქი ახლა.
• დაისახეთ მიზნები: გადაწყვიტეთ მკაფიო მიზნები, რომ გამოიყენოთ ნაკლები და მეტი განახლებადი ენერგია.
• მოქმედებების დაგეგმვა: შექმენით კონკრეტული პროექტები ამ მიზნების მისაღწევად, როგორიცაა შენობების განახლება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება.

2. ჩართეთ საზოგადოება:

• მიიღეთ ინფორმაცია: ჩართეთ მოსახლეობა, ბიზნესი და ადგილობრივი ჯგუფები თქვენს გეგმებში.
• თანამშრომლობა ექსპერტებთან: იმუშავეთ ენერგეტიკის ექსპერტებთან ეფექტური პროექტების შესაქმნელად.

3. პროექტების განხორციელება:

• შენობების განახლება: გახადეთ საზოგადოებრივი შენობები უფრო ენერგოეფექტური უკეთესი იზოლაციით და გათბობა/გაგრილების სისტემებით.
• Smart Technology-ის გამოყენება: დააინსტალირეთ ჭკვიანი მრიცხველები ენერგიის მოხმარების უფრო ეფექტურად მართვაში.

4. იპოვეთ დაფინანსება:

• მოიძიეთ გრანტები და სახსრები: იპოვეთ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო დაფინანსება თქვენი პროექტების მხარდასაჭერად.
• პარტნიორობა კერძო კომპანიებთან: იმუშავეთ კერძო ბიზნესებთან, რათა დაეხმაროთ პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებას.

5. მონიტორინგი და ანგარიში:

• თვალყური ადევნეთ პროგრესს: თვალყური ადევნეთ რამდენად კარგად მუშაობს თქვენი პროექტები და შეადარეთ ისინი თქვენს მიზნებს.
• შედეგების მოხსენება: გაუზიარეთ თქვენი პროგრესი მერების შეთანხმებას.

6. ცნობიერების ამაღლება:

• აწარმოე საჯარო კამპანიები: საზოგადოებას ენერგოეფექტურობის სარგებლობის შესახებ განათლება.
• ტრენინგის უზრუნველყოფა: შესთავაზეთ ტრენინგი, რესურსები ან რჩევები, რათა დაეხმაროთ ყველას ენერგიის დაზოგვაში“
- გვპასუხობს კაროლის იანუშევიჩიუსი.


აღსანიშნავია ისიც, რომ მერების შეთანხმების ინიციატივა არ არის ერთჯერადი პროცესი, რომელიც მხოლოდ 2030 წლამდეა გაწერილი. გიორგი მუხიგულიშვილის განცხადებით, ეს არის განგრძობითი ხასიათის და მოიცავს ხელმომწერი მუნიციპალიტეტების ტექნიკურ დახმარებას, ასევე, ევროპის ქვეყნებიდან პარტნიორი ქალაქების გამოცდილებების გაზიარებას. მისი თქმით, 2050 წლისთვის არსებობს საკმაოდ ამბიციური გეგმა კლიმატნეიტრალურობასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს წლის განმავლობაში, სათბური აირების გაფრქვევის და შთანთქმის ჯამური რაოდენობის ნულამდე შემცირებას. როგორ და რა ვადებში იქნება შესაძლებელი ამბიციური გეგმების შესრულება და კლიმატნეიტრალურობის მიღწევა, ამას დრო გვიჩვენებს. აღებული ვალდებულების შესრულებას კი როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ასევე ცენტრალური თვითმმართველობის და საერთაშორისო უწყებების თანაბარი ჩართულობა სჭირდება. 



ხელმომწერები რომლებიც 2016 ოქტომბრამდე შეუერთდნენ მერების შეთანხმებას ვალდებულება აიღეს:

  • 2020 წლისათვის СО2-ის ემისიის მინიმუმ 20%-ით შეამცირება.

ხელმომწერები რომლებიც 2016 ოქტომბრის შემდეგ შეუერთდნენ მერების შეთანხმებას - ვალდებულება აიღეს:

  • 2030 წლისათვის СО2-ის ემისიის მინიმუმ 30%-ით შეამცირება.
  • განახორციელონ კლიმატის ცვლილების რისკების და მოწყვლადობის შეფასება და ადაპტირების საშუალებით აამაღლონ კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისადი მედეგობა.

საქართველოს მასშტაბით, მერების შეთანხმების ხელმომწერია 24 ქალაქი. სამცხე-ჯავახეთიდან ხელმომწერი მხოლოდ ახალციხეა. ბორჯომი ამ შეთანხმების მონაწილე არ არის.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.