78:6 საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის
ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია ბონუს ქულით,
78:6 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა.
პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების აშკარა უპირატესობით წარიმართა და 33:6
დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თითო ლელო აკაკი
ტაბუცაძის, ვანო კარკაძის, სოსო მათიაშვილისა და ზურაბ ძნელაძის
ანგარიშზეა, სამი გარდასახვა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა, ტაიმის
მიწურულს კი ბორჯღალოსნებმა საჯარიმო ლელო დადეს.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო
გაზარდა. თითო ლელო გიორგი ბეგაძემ, ბექა გორგაძემ და გიორგი
თხილაიშვილმა დადეს, ზურაბ ძნელაძემ - დუბლი, აკაკი ტაბუცაძემ პოკერი
გააფორმა, თედო აბჟანდაძემ კი ბურთი კიდევ ხუთჯერ გარდასახა.
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილის პირველ
ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის
ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავენ.