მთამსვლელობა: პირველი ქართული გზა ჰიმალაიში
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა
დღეს ჰიმალაიდან დაბრუნებულ მთამსვლელებს არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი
ტეფნაძეს და ბაქარ გელაშვილს უმასპინძლა.
პრესკონფერენცია, რომელსაც მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და
მუხრან შამათავა, მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი
ავთანდილ ცინცაძე და ფედერაციის ხელმძღვანელები, ასევე პროფესიონალი
და ახალბედა ალპინისტები დაესწრნენ, არჩილ ბადრიაშვილის, გიორგი
ტეფნაძის და ბაქარ გელაშვილის წარმატებას მიეძღვნა. სამეულმა
ჰიმალაებში პირველი ქართული გზა ნეპალის ტერიტორიაზე მდებარე ლარკიაზე
(6425მ) გაკვალა და მწვერვალიც დაიპყრო.
ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში 8 სექტემბერს
ჩავიდა. მათ იქ გამოცდილი გია თორთლაძეც დაემატა, თუმცა მოგვიანებით
ეს უკანასკნელი გზიდან მოტრიალდა. ბადრიაშვილმა, ტეფნაძემ და
გელაშვილმა საბაზო ბანაკიდან 9-დღიანი შტურმი დაიწყეს, რომელიც 28
სექტემბერს ლარკიას დაპყრობით დაგვირგვინდა! აღსანიშნავია, რომ
ახალგაზრდა მთამსვლელებმა თითქმის ერთი კვირა (6 დღე) ლარკიას
700-მეტრიან სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის გავლას შეალიეს. საბოლოო ჯამში
უმაღლესი კატეგორიის - 6A - სირთულის მწვერვალზე ქართველთა სამეულმა
ფეხი შედგა და რაც მთავარია, მშვიდობით დაბრუნებაც მოახერხა.
მთამსვლელობის საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში ქართული სამეული
ლარკიაზე პირველამსვლელად ჩაიწერა და მათ მიერ განვლილ მარშრუტს
"ქართული გზა" ოფიციალურად ეწოდა.
"წელს თითქმის ყოველ კვირას გვიწევს ქართული სპორტის წარმატებაზე
საუბარი და სპორტის სხვა სახეობებს მთამსვლელებმაც კარგად აუბეს
მხარი. ვულოცავ ახალგაზრდა ალპინისტებს ამ დიდ წარმატებას - მათ
ნეპალში ურთულესი მარშრუტი გაიარეს და პროფესიონალების, მათ შორის
უცხოელი მთამსვლელების მაღალი შეფასება დაიმსახურეს. მადლობას ვუხდი
მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის,
წარმატებებს და მშვიდობით დასრულებულ ექსპედიციებს ვუსურვებ", -
განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ
ხეჩიკაშვილმა.
"პირველ რიგში ბიჭებს წარმატებით დაგვირგვინებულ ექსპედიციას
მივულოცავ! მათ მართლაც რთული გზა განვლეს და გასახარია, რომ ლარკიას
პირველდამპყრობები გახდნენ. ვიცი ეს მწვერვალი და ისიც კარგად ვიცი,
რომ მისი დაპყრობა ძალიან ბევრი ქვეყნის ალპინისტებს სურდათ, თუმცა
გასახარია, რომ პირველად ეს ჩვენმა ბიჭებმა მოახერხეს. და რაც
მთავარია, მათ ამ მოგზაურობის პერიოდში მშვიდობით იარეს, რაც არის
კიდეც თითოეული მთამსვლელის მთავარი მიზანი. ვსარგებლობ შემთხვევით და
მადლობას ვუხდი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს.
ზედიზედ მესამე წელია სახელმწიფო მთამსვლელთა გვერდში დგას, რაც
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი ფედერაცია წლის ბოლოს კიდევ
რამდენიმე ასვლას გეგმავს და იმედია მათაც მშვიდობით დავასრულებთ", -
განაცხადა მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ
ცინცაძემ.
ექსპედიციის ერთ-ერთმა მონაწილემ არჩილ ბადრიაშვილმა წარმატებული
ასვლის საინტერესო დეტალები მიმოიხილა და სტუმრებს ჰიმალაებში
გადაღებული ფოტოები და ვიდეოკადრები წარუდგინა, მის შემდეგ კი
აგვისტოში, ტიან-შანში, მწვერვალ ხან თენგრიზე ასევე წარმატებით
დასრულებული ექსპედიციის შესახებ მთამსვლელთა გაერთიანებული
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა გუჯაბიძემ ისაუბრა.