რაგბში მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
მსოფლიო რაგბის წარმომადგენელი ინგლისელი სპეციალისტები საქართველოში
2-დღიანი ვიზიტით იმყოფებიან.
ჩამოსვლის მთავარი მიზანი კი 2017 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო
ჩემპიონატისათვის მიმდინარე სამზადისის და საორგანიზაციო საკითხებთან
დაკავშირებული პროცესის გაცნობაა.
"მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ.
სპორტისა და რაგბის მოყვარულებს მართლად დიდი ზეიმი ელით. ჩვენ,
საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,
რომ ეს ზეიმი შედგეს და საქართველო კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩინდეს
მთელი მსოფლიოს თვალწინ." - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიო რაგბის ტურნირების
ინპექტირების ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია,
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და დირექტორთა
საბჭოს წევრი ლაშა ხურციძე ესწრებოდნენ.
20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18
ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება მსოფლიოს 12
უძლიერესი ნაკრების მონაწილეობით. ახალგაზრდა ქართველ ბორჯღალოსნებს ჩ
ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
მოუწევთ ბრძოლა, A ჯგუფში ითამაშებენ ავსტრალია, ინგლისი, სამოა და
უელსი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და
შოტლანდია.
ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია
არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და
მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.