„შავი ბაზარი“ კვლავ გააქტიურდა - ბილეთებს ღირებულებაზე 6-7-ჯერ ძვირად ყიდიან
საქართველო-ჩეხეთის ეროვნული
საფეხბურთო ნაკრებების 7 სექტემბრის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთის
გაყიდვის შემდეგ
სოციალურ ქსელში გამოჩნდა გადამყიდველების პოსტები, რომლითაც ისინი
ბილეთების გაყიდვას ღირებულებაზე ბევრად ძვირად ცდილობენ. პოსტების
სქრინებს „ფეისბუქის“ მომხმარებლები ავრცელებენ და წერენ, რომ უამრავი
მსურველი მატჩზე დასასწრები ბილეთის გარეშე ამჯერადაც გადამყიდველების
გამო დარჩა.
უნდა აღინიშნოს, რომ ათობით ათასი ადამიანის რიგში ყოფნის მიუხედავად,
ყველა ბილეთი საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა. ბილეთების ფასი 10, 30 და
50 ლარი იყო. მსურველებს ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ - TKT.GE-ზე
შეეძლოთ. ვებ-გვერდის ინფორმაციით, ორგანიზატორების პირობების
თანახმად, 1 მომხმარებელს მხოლოდ 2 ბილეთის შეძენის უფლება
ჰქონდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კომპანია ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ გადამყიდველების მიმართ
დამატებითი ღონისძიებები გატარდებოდა და სისტემის მიერ
გადამყიდველისთვის დამახასიათებელი აქტივობის შემჩნევის შემთხვევაში,
მათ ყიდვის შესაძლებლობა შეეზღუდებოდათ. თუმცა, მატჩის ბილეთების
ამოყიდვის შემდეგ, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში გავრცელებულ
ინფორმაციებს თუ დავეყრდნობით, გადამყიდველებმა ბილეთების შეძენა
მაინც მოახერხეს. მოგვიანებით კი, მსურველებს 10 ლარიანი ბილეთის
სანაცვლოდ დაახლოებით 100 - 130 ლარს, 30 ლარიანის - 200 ლარს და 50
ლარიან ბილეთში 250 - 350 ლარის გადახდას სთხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი პრობლემა, ქვეყანაში გასამართ თითქმის ყველა
მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვისას იჩენს
ხოლმე თავს. აღნიშნული პრობლემის და "ბილეთების შავი ბაზრის"
გააქტიურების საკითხზე "ბიზნესპრესნიუსი" რამდენიმე თვის წინაც წერდა.
როგორც მაშინ იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი ჩვენთან საუბრისას
აღნიშნავდა, ყველა შემთხვევაში, მხოლოდ მომხმარებელი ზარალდება. მისი
თქმით, უპირველესი გამოსავალი, რომელიც საკითხს ნათელს მოჰფენდა,
გამჭვირვალობაა. კერძოდ, რა რაოდენობის ბილეთები გადაეცა რეალიზატორ
კომპანიას, სპონსორებს, კონკრეტულ უწყებებს და ა.შ. უნდა
გასაჯაროვდეს.
"პრობლემის გადასაჭრელად, პირველი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ,
ისევე როგორც კულტურის სამინისტრომ (ვინც კურირებს კონკრეტულ სპორტულ
თუ კულტურულ ღონისძიებებს), თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა
და გამჭვირვალედ გამოაქვეყნოს, რა რაოდენობა ბილეთები გადაეცა
ბილეთების გამყიდველ ადმინისტრატორს, ამ შემთხვევაში tkt.ge-ს. ჩვენ
არ ვითხოვთ, კონკრეტული სახელების და გვარების გასაჯაროებას, არ
ვარღვევთ პერსონალურ მონაცემების შესახებ კანონს, ჩვენ ვამბობთ,
ბილეთები როგორ განაწილდა, რა რაოდენობა წავიდა, მეტოქე გუნდის
გულშემატკივრებისთვის, რა რაოდენობა დარჩა ქართველ მაყურებელს, რა
რაოდენობა გადანაწილდა tkt.ge-ზე, რამდენი წაიღეს სპონსორებმა,
სახელმწიფო უწყებებმა და ა.შ. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულ
სპონსორებთან, თუ უწყებებთან დაკავშირებულ პირებთან რამდენი წავიდა,
ესეც უნდა იყოს საჯარო. ანუ, მათთვის დარიგებული ბილეთები, რატომ არ
მოხვდა ბილეთების საიტზე და რატომ არ გაიყიდა? რატომ არ მიეცა
კონკურენტული შესაძლებლობა ჩვეულებრივ მოქალაქეებს? ჩემთვის
აბსოლუტურად გაუგებარია, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დაფინანსებული ფედერაციის მიერ უზრუნველყოფილი ის პროცესი, რომელიც
მომხმარებლის და გულშემატკივრის უფლებებს აზარალებს“,- ამბობდა მაშინ
აკაკი ჩარგეიშვილი.
წყარო:ბიზნესპრესნიუსი